სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” უარს ამბობს, დაემორჩილოს 22:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც დღეიდან, 9 ნოემბრიდან ამოქმედდება.
“ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ, ვინც ყველაფრის მიუხედავად გამოვალთ გარეთ და ხმას შევუერთებთ მშიერ რაინდებს და საპროტესტო წერილებზეც მივაწერთ სახელს… შენი დღეები დათვლილია! არ გემორჩილებით!” – ნათქვამია “სირცხვილიას” განცხადებაში.
“სირცხვილია” ამბობს, რომ ხელისუფლებამ ისევ გაიმეორა გამოუსწორებელი შეცდომა და არაპროპორციულად, სიცივეში ცივი წყლის ჭავლის მიშვერით დაშალა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, ამიტომ ხელისუფლების არგუმენტები ჰუმანურობისა და მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის მიზნების შესახებ მხოლოდ ცარიელი სიტყვებია.
ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, საოლქო კომისიები ან უარს ამბობენ საჩივრების განხილვაზე, ან ფორმალურად განიხილავენ. შესაბამისად, ისინი საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს შემადგენლობის სრულად განახლებას ითხოვენ. 8 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა, მოგვიანებით კი ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს მოწყობილი.
სპეცრაზმმა ცესკოსთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინვე გაავრცელეს განცხადებები, რომ ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციული იყო და არღვევდა ადამიანთა თავისუფლად შეკრების უფლებას. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება არასათანადო მოპყრობას უტოლდება.