ახალი ამბები

რა უნდა ვქნათ 22 სთ-ის შემდეგ, თუ სასწრაფო გვჭირდება და არ მოდის

9 ნოემბერი, 2020 • 1974
რა უნდა ვქნათ 22 სთ-ის შემდეგ, თუ სასწრაფო გვჭირდება და არ მოდის

დღეს, 9 ნოემბერს, 22:00 საათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილება შეიზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზეზით მთავრობამ წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში – 7 ნოემბერს გამოაცხადა.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პანდემიის პირობებიდან გამომდინარე მოქალაქეებს – არაკოვიდ პაციენტებს – სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდებათ, ექიმების ჯგუფი კი მათ დროულად ვერ მიაკითხავს? – როგორც ამ დრომდეც ბევრჯერ ითქვა, გამოძახების სიმრავლის გამო სასწრაფოს ჯგუფი ადრესატამდე ხშირად რამდენიმე საათის დაგვიანებით მიდის, რასაც პანდემიის პირობებში დასაშვებად მიიჩნევს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

ასეთ პირობებში მოქალაქეები ხშირად საკუთარ რესურსებს იყენებდნენ, მაგალითად, არაკოვიდ პაციენტების საავადმყოფომდე მისაყვანად. დაწესებული შეზღუდვის გამო, დღეს, 22:00 საათის შემდეგ, ქუჩაში გასვლის შემთხვევაში მათ დაჯარიმება ელით.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქემ ნებისმიერ შემთხვევაში 112-ს უნდა მიმართოს. თუმცა განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდეს მთავრობის ცხელ ხაზზე. ამ უწყების ცნობით, დღეს, 17:00 საათზე, აამოქმედებს ცხელი ხაზის ახალ ნომერს 14 41 – რომლის საშუალებითაც მოქალაქეები ერთჯერადი საშვის მიღებას შეძლებენ.

იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც დღეიდან, 22:00 საათის შემდეგ, შეზღუდვის პირობებში, გამონაკლისის სახით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე გადაადგილება დასჭირდებათ, მთავრობა ერთჯერად საშვს დაუშვებს, საშვის მიღებას მოქალაქეები ცხელი ხაზის საშუალებით შეძლებენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, რის შესახებაც მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, შეზღუდვა არ შეეხება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს [ მაია ცქიტიშვილი ამ დღისთვის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელია, ვიდრე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თვითიზოლაციაში კრონავირუსის გამო მკურნალობს].

ასევე გაიცემა საშვები “საოპერაციო  შტაბთან შეთანხმებით იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე, სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედიადაწესებულებების ფუნქციონირებისათვის და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი