ახალი ამბები

სახელმწიფომ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა | კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

9 ნოემბერი, 2020 • 970
სახელმწიფომ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა | კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” 8 ნოემბრის ღამით საარჩევნო ადმინისტრაციის შენობის წინ გამართულ აქციაზე პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტს აფასებს და აცხადებს, რომ სახელმწიფომ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

“ამ დროისათვის ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაშავდნენ გადამღები ჯგუფები და დაზიანდა მედიაორგანიზაციების კუთვნილი ტექნიკა. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ წყლის ჭავლს, რომლითაც პერიოდულად აქციის დაშლას ცდილობდნენ, დამიზნებით უშენდნენ მედიის წარმომადგენლებსაც. ჟურნალისტები და ოპერატორები სწორედ წყლის ჭავლმა დააზიანა. მათი ნაწილი, წყლის წნევის გამო, გადაღების მანქანებიდანაც გადმოვარდა”, – ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კოალიცია სახელმწიფოს მოუწოდებს, რომ პატივი სცეს მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, ასევე, უზრუნველყოს ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლად განხორციელება.

“კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ შეახსენებს მმართველ გუნდს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა პატივი სცეს მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების უფლებას. ამასთან, განსაკუთრებული ვალდებულებაა, არ შეუშალოს ხელი ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებობა მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.”

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “მედიის ადვოკატირებისთვის” მზადაა, ჟურნალისტებსა და მედიაორგანიზაციებს გაუწიოს უფასო იურიდიული მომსახურება.

“მიგვაჩნია, რომ 2020 წლის 8 ნოემბერს მომხდარი მოვლენების გამო უნდა დადგეს სათანადო პასუხისმგებლობა და მედიას უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი. ამასთანავე, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ გამოხატავს მზადყოფნას, ჟურნალისტებს და მედიაორგანიზაციებს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით გაუწიოს უფასო იურიდიული მომსახურება”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, საოლქო კომისიები ან უარს ამბობენ საჩივრების განხილვაზე, ან ფორმალურად განიხილავენ. შესაბამისად, ისინი საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს შემადგენლობის სრულად განახლებას ითხოვენ. 8 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა, მოგვიანებით კი ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს მოწყობილი.

სპეცრაზმმა ცესკოსთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინვე გაავრცელეს განცხადებები, რომ ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციული იყო და არღვევდა ადამიანთა თავისუფლად შეკრების უფლებას. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება არასათანადო მოპყრობას უტოლდება.

ცესკოსთან აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა

მასალების გადაბეჭდვის წესი