ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ორივე მხარე საკუთარ წარმატებაზე საუბრობს | ყარაბაღში ომი გრძელდება

9 ნოემბერი, 2020 • 1020
ორივე მხარე საკუთარ წარმატებაზე საუბრობს | ყარაბაღში ომი გრძელდება

სომხური და აზერბაიჯანული მხარეების ინფორმაციით, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

ამასთან, ორივე მხარე საკუთარი პოზიციების წარმატების შესახებ საუბრობს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საომარი მოქმედებები ქალაქ შუშას ახლოს კვლავ გრძელდება.

ამასთან, უწყების განმარტებით, 8-9 ნოემბრის ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგე მხარემ [აზერბაიჯანმა] მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა და უკან დაიხია:

“აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით გავანადგურეთ ერთი ტანკი, ოთხი ერთეული სატრანსპორტო ტექნიკა და 8 უპილოტო აპარატი”.

ამავე დროს, საკუთარ წარმატებაზე საუბრობს ბაქო. აზერბაიჯანის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში გაანადგურეს სომხური მხარის დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და საბრძოლო ტექნიკა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, რომელიც მან გუშინ, 8 ნოემბერს გამოაქვეყნა, მათ მთიანი ყარაბაღის მნიშვნელოვანი ქალაქი შუშა/შუში აიღეს, რასაც სომხური მხარე ამ დრომდე ოფიციალურად არ ადასტურებს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები უკვე 44-ე დღეა სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება. ბოლო დღეებში დაძაბულობა მწვავდება ქალაქ შუშას/შუშის მიდამოებში.

უცნობია ორივე მხარეს გარდაცვილთა რაოდენობა. სხვადასხვა დაუზუსტებელი ინფორმაციით, 27 სექტემბრის შემდეგ საბრძოლო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. მხარეებმა ამავე დროის განმავლობაში დადებული სამივე ჰუმანიტარული საზავო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს ერთმანეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი