ნეტგაზეთი | ვის სჭირდება მიტინგები, სად ჩარჩნენ, რატომ ვერ გამოვიდნენ ამ 90-იანებიდან? — წილოსანი ვის სჭირდება მიტინგები, სად ჩარჩნენ, რატომ ვერ გამოვიდნენ ამ 90-იანებიდან? — წილოსანი – Netgazeti
RU | GE  

ვის სჭირდება მიტინგები, სად ჩარჩნენ, რატომ ვერ გამოვიდნენ ამ 90-იანებიდან? — წილოსანი

პარლამენტის მილიონერი დეპუტატი ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ხალხი, რომელიც დღესდღეობის საპროტესტო აქციებს მართავს, 1990-იან წლებში არიან ჩარჩენილი. ნინო წილოსანმა ამის შესახებ დაწერა ფეისბუკის პირად გვერდზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის წყლის ჭავლით დაშლამდე რამდენიმე საათით ადრე, 8 ნოემბერს.

“ან ვინ დგას, ან ვინ გამოდის, ან რა მუხტი აქვთ…. ვის ჭირდება მიტინგები, სად ჩარჩნენ, რატომ ვერ გამოვიდნენ ამ 90-იანებიდან.

დემოკრატიის დაზიანება შეუძლია როგორც ხელისუფლებას, ისევე ოპოზიციას, სწორედ ოპოზიციის მხრიდან დემოკრატიის დაზიანებად აღიქვამენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ბარიერ გადალხული პარტიების არ შესვლას პარლამენტში , რადიკალიზმია – “თუ ხელისუფლებაში არ ვიქნებით, საერთოდ არ ვმონაწილეობთ პოლიტიკურ პროცესებში”. ეს არის ღალატი მათი ამომრჩვლის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის არჩეული კურსის – დასავლურ დემოკრატიაზე უარის თქმა”, – წერს ნინო წილოსანი.

ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, საოლქო კომისიები ან უარს ამბობენ საჩივრების განხილვაზე, ან ფორმალურად განიხილავენ. შესაბამისად, ისინი საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს შემადგენლობის სრულად განახლებას ითხოვენ. 8 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა, მოგვიანებით კი ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს მოწყობილი.

სპეცრაზმმა ცესკოსთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინვე გაავრცელეს განცხადებები, რომ ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციული იყო და არღვევდა ადამიანთა თავისუფლად შეკრების უფლებას. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება არასათანადო მოპყრობას უტოლდება.

ცესკოსთან აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.