ახალი ამბები

რატომ გამოიყენეს ჭავლი გაფრთხილების გარეშე – მდინარაძის განმარტება

8 ნოემბერი, 2020 • 1659
რატომ გამოიყენეს ჭავლი გაფრთხილების გარეშე – მდინარაძის განმარტება

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ცესკოსთან მომიტინგეების წინასწარი გაფრთხილება წყლის ჭავლის გამოყენებასთან დაკავშირებით თავდაპირველად შეუძლებელი იყო.

რამდენიმე წუთის წინ „ოცნების“ ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც ოპოზიციას „აქცია ჩაუფლავდათ, მათ გადაინაცვლეს ცესკოსთან,“.

„მას შემდეგ, რაც მათ აქცია ჩაუფლავდათ, გადაინაცვლეს ცესკოსთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ასევე არ გაითვალისწინეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდება, პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოეხეტათ.

სცადეს ცესკოს შენობაში შეჭრა, ესროდნენ ქვებსა და სხვადასხვა ნივთებს პოლიცოელებს, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქცია. როგროც ჩანს მათ არ მოსწონთ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რომლითაც 30 უბანზე უკვე გადაითვალა ბიულეტენები, დამატებით სასამართლოს დავალებით მიმდინარეობს 10-მდე უბანზე გადათვლა – ჯერჯერობით ამ გადათვლის შედეგად რაიმე არსებითი დარღვევა გამოვლენილი ვერ იქნა, არათუ გაყლებების ფაქტი,“ – აცხადებს მდინარაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ გააფრთხილეს მომიტინგეები თავდაპირველად წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ, მდინარაძემ თქვა, რომ ასეთ დროს გაფრთხილება ვერ ხერხდება.

„ჩვენ ვნახეთ კადრები, სადაც ისინი დახტიან ღობეზე და ქვებს ესვრიან პოლიციელებს, ასეთ დროს, მსოფლიოში, არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება. როდესაც თქვენ თავს დამესხმებით, მე გაფრთხილებას ვერ დავიწყებ. ეს მარტივი იურიდიული კაზუსია.

გაფრთხილება ხდება, როდესაც ვთქვათ, არის დაშლის წინაპირობა ყველანაირი, თუმცა მყისიერი თავდასხმა არ არის… ამ შემთხვევაში უნდა გააფრთხილო, თუ აუცილებელია დაშლა. თავდასხმის დროს გაფრთხილება ვერ ხდება და ვერ მოხდება ვერსად“ – ამბობს მდინარაძე.

„თავდასხმის დროს, გაფრთხილება ვერ ხდება და ვერ მოხდება ვერსად, იმიტომ რომ, როდესაც ხდება ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, გარკვეული მოქმედებები რაც მყისიერ საფრთხეს უქმნის, ან რომელიმე შენობას, ან სტრატეგიულ თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს, რომ იქ ადამიანები არ შეიჭრან – ასეთ დროს გაფრთხილება ვერას ხდება და ამას უშვებს კანონმდებლობა ამგვარად, როგორც მოხდა.  რა კადრების ვნახეთ, სხვა გზა ფიზიკურად ვერ ექნებოდა პოლიციას, რომ არა მყისიერი საპასუხო რეაგირება,“ – ამბობს მდინარაძე.


დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე მსვლელობა გამართეს. დემონსტრანტებს ცესკოს შენობასთან მისვლიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ წყლის ჭავლი დაუშინა.

ცესკოსთან გაფრთხილება სპეციალური ღონისძიებების გამოყენების შესახებ მხოლოდ წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ გაჟღერდა. ასევე, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

“აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – აცხადებს შსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი