ახალი ამბები

მიტროპოლიტ ნიკოლოზს COVID-19 დაუდასტურდა

8 ნოემბერი, 2020 • 699
მიტროპოლიტ ნიკოლოზს COVID-19 დაუდასტურდა

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ ნიკოლოზს COVID-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ მან 7 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ თავს კარგად გრძნობს.

მისი თქმით, ამჟამად ახალქალაქში, წმინდა სამების მონასტერში იმყოფება. ვიდეომიმართვაში სასულიერო პირი აუდიტორიას თავისი მდგომარეობის შესახებ უყვება და ვირუსთან დაკავშირებით გამოცდილებას უზიარებს.

“არავითარი ნიშნები იმისა, რომ დავსუსტდი, ძალა აღარ მაქვს, ცხოვრების მოტივაცია აღარ მაქვს, ასე არ არის. ზუსტად ისე ვაკეთებ ჩემს საქმეს, როგორც აქამდე ვაკეთებდი”, – აცხადებს ის.

პანდემიის კრიზისის პირველ თვეებში, მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ვირუსის გავრცელების რისკის მიუხედავად, იზიარებდა საპატრიარქოს პოზიციას ზიარების წესის უცვლელად დატოვებაზე და ამბობდა, რომ ღვინოში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია.  ის ასევე მოუწოდებდა მრევლს, რომ არ აჰყოლოდნენ პანიკას, დილა-საღამოს სახლში ნაკურთხი წყალი ესხურებინათ და კორონავირუსი არ მიეკარებოდათ.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 54 852 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 39 773 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 441.

მასალების გადაბეჭდვის წესი