ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსი” დაანონსებულ საპროტესტო აქციებს აუქმებს

7 ნოემბერი, 2020 • 1684
“პატრიოტთა ალიანსი” დაანონსებულ საპროტესტო აქციებს აუქმებს

“პატრიოტთა ალიანსი” მის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებს აუქმებს. პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი საპროტესტო აქციების გაუქმებისა და “რამდენიმეკვირიანი პაუზის” აღების მიზეზად პროვოკაციების თავიდან აცილებას ასახელებს.

“პატრიოტთა ალიანსმა” თავდაპირველად 8 ნოემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსა, შემდეგ კი თქვა, რომ აქციებს 9 ნოემბერს ქუთაისიდან დაიწყებს, თუმცა საბოლოოდ ეს აქციაც გააუქმა.

“ჩვენ ყველაზე მეტი მხარდამჭერი გვყავს და საპროტესტო აქციებზე ყველაზე დიდი რაოდენობის მხარდამჭერების მობილიზება შეგვიძლია, ამიტომაც დავნიშნეთ აქცია ჯერ თავისუფლების მოედანზე, რასაც მოჰყვა “ქართული ოცნების” ბრალდებები, თითქოსდა სხვებთან ერთად ვმოქმედებთ ან რუსეთის დავალებით ვმოქმედებთ, რაც აბსურდია. ამის გამო გადავიტანეთ მიტინგი თბილისიდან ქუთაისში”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილის თქმით, პლანშეტზე, რომელსაც მხოლოდ „ფეისბუქისთვის“ იყენებს, მიუვიდა აუდიოგზავნილი  ვინმე საიდ ახმედისგან, გროზნოდან, რომელსაც არ იცნობს, მაგრამ თავს ასაღებდა  როგორც მისი ახლობელი და არეულობაზე ელაპარაკებოდა. ირმა ინაშვილი აღნიშნულს პროვოკაციად აფასებს.

“ამავდროულად, გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ჯერ თბილისში, თავისუფლების მოედანზე გეგმავდნენ ჩვენ წინააღმდეგ პროვოკაციებს, ამიტომაც აქცია გადავიტანეთ ქუთაისში. ახლა იქაც იგეგმება პროვოკაციები ჩვენ წინააღმდეგ. ვინ გეგმავს? ამ კითხვას დღეს კომენტარის გარეშე ვტოვებ. ძალიან მალე მოვა დრო, გახდება ყველაფერი ნათელი. პოლიტსაბჭომ იმსაჯელა დღეს და ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე გავაუქმოთ ქუთაისის აქციაც. ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ მიტინგებზე. ვიღებთ რამდენიმეკვირიან პაუზას, რათა თავიდან ავიცილოთ ერთხელ პროვოკაციები და ბრალდებები რუსულ კვალთან ან რაიმე შეთქმულებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ინაშვილმა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “პატრიოტთა ალიანსი” უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი