ახალი ამბები

სუს-მა ხელისუფლების დამხობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო

6 ნოემბერი, 2020 • 1603
სუს-მა ხელისუფლების დამხობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, პირველ ოქტომბერს დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სუს-ის ცნობით, საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცავი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს.

“გამოძიების ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტის რესპონდენტები, რომლებმაც გამოძიებას გარკვეული სახის ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, გამოიკითხა საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც გამოძიებას მის ხელთ არსებული, იმ დაჯგუფებათა სია წარუდგინა, რომელთა გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები საარჩევნო პერიოდში ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად აპირებდნენ. გამოძიების ფარგლებში დადგინდა და გამოიკითხა მოქალაქე, რომელმაც საქართველოს პარლამენტის წევრს ზემოაღნიშნული სიები მიაწოდა”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ მტკიცებულებების შეკრების და დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების მიზნით ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს და ნებისმიერ არაკონსტიტუციურ, უკანონო ქმედებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 30 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ოპოზიცია ძალადობასა და პროვოკაციებს გეგმავს. კობახიძემ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს – ნიკა მელიას, დევი ჭანკოტაძესა და დიმიტრი შაშკინს- მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, „რომლებიც აღჭურვილნი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და, შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც“.

ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

მასალების გადაბეჭდვის წესი