ახალი ამბები

TI-ის საჩივრების უმეტესობა არ დაკმაყოფილდა, 42 უბანზე დავა სასამართლოში გაგრძელდება

6 ნოემბერი, 2020 • 951
TI-ის საჩივრების უმეტესობა არ დაკმაყოფილდა, 42 უბანზე დავა სასამართლოში გაგრძელდება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე საუბნო და საოლქო კომისიებში ორგანიზაციამ, ჯამში, 108 საჩივარი შეიტანა, რომელთაგან 46 ეხებოდა არჩევნების დღეს დაფიქსირებულ პროცედურულ დარღვევებს, 62 –  შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, არჩევნების დღეს დაფიქსირებულ პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებული 46 საჩივრიდან 41 არ დაკმაყოფილდა.

“დაგვეთანხმნენ მხოლოდ 5-ზე: ერთ შემთხვევაში პროცედურული ხარვეზების გამო გადასატანი ყუთის შედეგები გაბათილდა, 4 შემთხვევაში კომისიის წევრებს სხვადასხვა დარღვევის გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრათ”, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.

რაც შეეხება შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილი დისბალანსის შესახებ საჩივრებს, მათგან 40 არ დაკმაყოფილდა, 19 კი განუხილველი დარჩა.

3 უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიამ ბიულეტენები გადაითვალა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სასამართლოში ასაჩივრებს 42 უბანს, რომელიც, ორგაიზაციის შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემური იყო.

საოლქო საარჩევნო კომისიებმა უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის და შედეგების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით წარდგენილი საჩივრების განხილვა დაასრულეს. საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისთვის 2-დღიანი ვადაა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” გარდა, 38 უბნის შედეგებს გაასაჩივრებს საია, რაც, ჯამში, მოიცავს სხვადასხვა ტიპის 60-მდე შემაჯამებელ ოქმს.

არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიების უმრავლესობა შემაჯამებელი ოქმის ბათილობისა და ბიულეტენების ხელახლა დათვლის მოთხოვნები არ აკმაყოფილებდა.

ყველა საჩივარი სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა იქნას განხილული — ევროპარლამენტარები

მასალების გადაბეჭდვის წესი