ახალი ამბები

სტომატოლოგები და პენსიაზე გასული ექიმები შესაძლოა პანდემიის მართვაში ჩაერთონ

6 ნოემბერი, 2020 • 791
სტომატოლოგები და პენსიაზე გასული ექიმები შესაძლოა პანდემიის მართვაში ჩაერთონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შესაძლოა კორონავირუსის მართვის პროცესში, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან ერთად, სტომატოლოგებიც ჩაერთვნენ.

როგორც დღეს, 6 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ თქვა, დღიური ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან ერთად, იზრდება დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობაც. ბოლო 24 საათში ასეთი 183 შემთხვევა გამოვლინდა. გამყრელიძე ამბობს, რომ სწორედ ამიტომ გამოცხადდა ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის მობილიზაცია. კორონავირუსთან ბრძოლაში, სტუდენტებთან ერთად, შესაძლოა ჩაერთვნენ პენსიაზე გასული სამედიცნო მუშაკებიც. ამირან გამყრელიძის თქმით, ისინი შესაძლოა დასაქმდნენ ცხელ ხაზზე, კოვიდსასტუმროებსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში.

“სტომატოლოგები ბევრნი არიან ქვეყანაში, რომელთაც აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება. მათ ნასწავლი აქვთ საგნები სამედიცინო ინსტიტუტში და კარგად იციან ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები. შესაძლოა ამ დროს იყვნენ გამოყენებულნი. ასევე, მე-5, მე-6 კურსის სტუდენტები, რომელთაც ძირითადი კლინიკური საგნები გავლილი აქვთ, თავისუფლად შეიძლება ექიმის/ექთნის ასისტენტებად ამ პერიოდში იმუშაონ. ამ ტიპის მოძრაობა ქვეყანაში საჭიროა, რადგან შევდივართ ეპიდსიტუაციის გარკვეულ ზღვარზე და ეს სიტუაცია ქვეყანაში სამართავია”,-აცხადებს გამყრელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი