ახალი ამბები

FB-მა “ალტ ინფოსთან” და “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებული ანგარიშები წაშალა

6 ნოემბერი, 2020 • 2062
FB-მა “ალტ ინფოსთან” და “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებული ანგარიშები წაშალა
ფეისბუკმა “კოორდინებული არაავთენტური ქცევის” გამო ოქტომბერში საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშები წაშალა. ამის შესახებ თავად ფეისბუკი აცხადებს.

ფეისბუკმა გააუქმა 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამ-ანგარიში, რომელიც დაკავშირებული იყო მედიაორგანიზაცია “ალტ-ინფოსთან”. როგორც “ფეისბუქის” განცხადებაშია ნათქვამი, “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული გვერდების აქტივობა საქართველოს შიდა აუდიტორიაზე იყო გამიზნული და ამჟამად “ალტ-ინფო” აკრძალულია ფეისბუკზე.

გარდა ამისა, ფეისბუქმა წაშალა პოლიტიკურ პარტიებთან – “პატრიოტთა ალიანსთან” და ბეჟან გუნავას “ქართულ არჩევანთან” – დაკავშირებული 54 ანგარიში, 14 გვერდი, და 21 ინსტაგრამ-ანგარიში.

Facebook წერს, რომ ორივე ქსელს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) მეშვეობით მიაკვლია.

“ფეისბუქს” გაცხადებული აქვს, რომ ებრძვის მის პლატფორმაზე საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებს, რომლებიც საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ისახავენ მიზნად. Facebook კოორდინებულ არაავთენტურ ქცევად განიხილავს, როდესაც რამდენიმე გვერდი, ჯგუფი და ანგარიში ერთობლივად მუშაობს, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ. “ფეისბუქი” შლის როგორც ყალბ, ისე რეალურ ანგარიშებს, რომლებიც არაავთენტურ კოორდინებულ ოპერაციებში არიან ჩართული.


ფეისბუკმა მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში გააუქმა კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებულ “ესპერსონასთან” და “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ასეულობით გვერდი, ჯგუფი და პერსონალური ანგარიში “კოორდინირებული არაავთენტური ქცევის” გამო.

მანამდე “ფეისბუქმა” “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ასობით გვერდი წაშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი