ახალი ამბები

ბიზნესასოციაცია სებ-ს სავალუტო ინტერვენციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

6 ნოემბერი, 2020 • 849
ბიზნესასოციაცია სებ-ს სავალუტო ინტერვენციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ლარის გაუფასურებას ბიზნესასოციაციაა განცხადებით ეხმაურება და ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ამ გზით სებ-მა უნდა გააგრძელოს უცხოური ვალუტის მიწოდება ბაზარზე და შეავსოს პანდემიის გამო შექმნილი დანაკლისი. განცხადების თანახმად, სავალუტო რეზერვების ხარჯვა ლარის გრძელვადიან სტაბილურობას ვერ გამოიწვევს, თუმცა ამ ეტაპზე ცენტრალური ბანკის ჩარევა მაინც კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.

“ბოლო პერიოდში ხელისუფლების ძალისხმევით უცხოეთიდან მოზიდული სახსრებით ხორციელდებოდა სხვადასხვა ტიპის პროგრამებისა და დახმარებების გაწევა და ფინანსური რესურსების მიწოდება, რასაც, თავის მხრივ, ჰქონდა და აქვს მასტიმულირებელი ეფექტი ეკონომიკაზე. ამასთან, ყველა ამ ტიპის დახმარება ხორციელდება ლარებში უცხოეთიდან მიღებული სავალუტო სახსრების კონვერსიის გზით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს უცხოეთიდან მოზიდული სავალუტო რესურსების ბაზარზე მიწოდება მიმოქცევის არხებში გაზრდილი ფულადი მასის სტერილიზაციის მიზნით. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვან როლს, 2019 წლის მსგავსად, ეროვნული ბანკის მიერ დაფინანსებული ლარის სესხების ზრდაც ასრულებს. ამ საკმაოდ რთულ პერიოდში სავალუტო ბაზარზე ზეწოლის შესამცირებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონების მეშვეობით უნდა გააგრძელოს უცხოური ვალუტის მიწოდება და შეავსოს ვალუტის ის დანაკლისი, რაც ქვეყანაში პანდემიის გამო წარმოიქმნა.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობის განმსაზღვრელი საშუალო თუ გრძელვადიან პერიოდში ვერანაირად ვერ იქნება სავალუტო ინტერვენციები. მაგრამ დგება პერიოდები, როდესაც აუცილებელი და კრიტიკულია ცენტრალური ბანკის აქტიური ჩარევა შიდა სავალუტო ბაზარზე და სავალუტო ინტერვენციების წარმოება. დღეს COVID 19-ით გამოწვეული უპრეცედენტო მასშტაბის მქონე პანდემიისა და, შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის გამო, ლარი, სამწუხაროდ, სავალუტო ინტერვენციების ამარა რჩება”,-წერია ბიზნესასოციაციის განცხადებაში.

გაერთიანების წევრები მცდარს უწოდებენ მოსაზრებას, რომ ლარის გაუფასურებით მხოლოდ ბიზნესის კონკრეტული სექტორი, მაგალითად, იმპორტიორები ზარალდებიან. მათი განცხადებით, გაუფასურებული ლარი ამცირებს ერთობლივ მოთხოვნას, შესაბამისად, მცირდება კომპანიების შემოსავლები, სამომხმარებლო განწყობები და სხვა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 ნოემბერს საერთაშორისო რეზერვებიდან 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ჯერჯერობით ეს არის სებ-ის ერთადერთი ინტერვენცია ნოემბერში. საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად ყიდდა დოლარს ოქტომბერში, ჯამში, 6 ინტერვენციით სებ-მა 200 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

გუშნდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 5.91 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.40 ლარი გახდა. ლარი 10.95 თეთრით გაუფასურდა ევროსთანაც, შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.01 ლარია.

ლარმა მორიგი მკვეთრი გაუფასურება რამდენიმე დღეა, დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი