“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ქვეყანაში არჩევნების შემდეგ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის პარტიულ ხედვას ასახელებს. ხვიჩია, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შეუძლებელია ასეთი ფორმით ჩატარებული არჩევნების შედეგების აღიარება და პარლამენტში შესვლა.
“გირჩის” ხედვით, რაც დღეს, 5 ნოემბერს, ჟურნალიტებს ხვიჩიამ გააცნო, “გაყალბებული არჩევნების” შედეგები ისე უნდა ჩასწორდეს, რომ რეალურად, მეორე ტურით გაირკვეს, ვის ექნება უმრავლესობა პარლამენტში და, შესაბამისად, ვინ დააკომპლექტებს მთავრობას. ამას გარდა, ახლად არჩეულმა პარლამენტმა რიგგარეშე არჩევნები უნდა დანიშნოს.
“კვირას ოპოზიცია აქციას აორგანიზებს, სადაც მთავარი მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნების ჩატარება. არჩევნების ჩატარება არის ყველაზეე მძიმე ნაბიჯი, რომელიც შეიძლება იძულებით გადადგას ხელისუფლებამ. შესაძლოა, მას მოუწიოს ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან არავის სჯერა, რომ არჩევნები წესიერად ჩატარდა. შესაძლოა, ჯერ უცხოელები გველოდებიან, რას ვიზამთ ოპოზიცია, მაგრამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ალბათ ძალიან მალე დაიწყებენ ლაპარაკს, რომ “ქართულმა ოცნებამ” კომუნისტური პარლამენტი მიიღო.
აქედან გარკვეული ტიპის გამოსავალი გვინდა. მინიმუმ იმით უნდა დავიწყოთ, რომ არჩევნების შედეგი ჩასწორდეს ისე, რომ მეორე ტურში წყდებოდეს, ხელისუფლებაში ვინ დარჩება და ვინ წავა. ამით ჩვენ გარკვეულწილად რეაბილიტაციას შევძლებთ არჩევნების პირველი ტურის, თუმცა არა სრულს. ამის შემდეგ, როცა ეს პარლამენტი ასეთი ფორმით შეიკრიბება, მთავარი, რაზეც უნდა იზრუნოს, არის ის, რომ რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს, რადგან უკვე ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციის მიღება შეუძლებელია”,-აცხადებს ხვიჩია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “გირჩმა” ოთხი მანდატი მიიღო, თუმცა პარტია ოპოზიციის საერთო შეთანხმების ერთგულია და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.