ახალი ამბები

მდინარაძე ოქმებში ხარვეზების ერთ-ერთ მიზეზად კომისიის დაუტრენინგებელ წევრებს ასახელებს

4 ნოემბერი, 2020 • 1024
მდინარაძე ოქმებში ხარვეზების ერთ-ერთ მიზეზად კომისიის დაუტრენინგებელ წევრებს ასახელებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების ნაწილში არსებულ ხარვეზებს და განაცხადა, რომ ისინი, ძირითად შემთხვევაში, ტექნიკური ხასიათისაა და ყველა წინა არჩევნებზეც ფიქსირდებოდა.

მამუკა მდინარაძემ ისაუბრა იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ოქმებში დისბალანსი ფიქსირდება და თქვა, რომ:

  1. პანდემიის გამო შექმილ სპეცუბნებზე მაჟორიტარულ ოქმებში დისბალანსი ბუნებრივია, რადგან ოქმებში ინფიცირებული ან იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლის მხოლოდ ნაწილი იყო იმავე რაიონში ჩაწერილი, სადაც ხმას აძლევდნენ. ასეთი ამომრჩველები მხოლოდ პარტიებს აძლევდნენ ხმას, მაჟორიტარულ არჩევნებში კი მხოლოდ იმ ოლქში მაცხოვრებელი იზოლირებული პირი აძლევდა ხმას. ამიტომ მაჟორიტარულ ოქმებში გაცილებით ნაკლები ხმის მიმცემია დაფიქსირებული, ვიდრე ამომრჩევლის რაოდენობა ე.წ. სპეცუბანზე;
  2. სპეცუბნების ნაწილზე დაფიქსირებულია გარკვეული ტექნიკური შეცდომებიც, რომლებიც არის ტექნიკური და არავითარ უპირატესობას არ აძლევს მმართველ პარტიას. ეს შეცდომები განპირობებულია იმით, რომ ინფიცირებულ და იზოლირებულ პირებთან მუშაობას თავისი სპეციფიკური ცოდნა ესაჭიროება, ამიტომ სპეცუბნებში კომისიის ძველი წევრები ახალი, პრაქტიკულად დაუტრენინგებელი წევრებით იყო ჩანაცვლებული და ტექნიკური შეცდომები იყო ძალიან ბევრი. ასეთი იყო ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ასეული კომისიის წევრი.
  3. საქართველოში დღემდე ჩატარებულ ყველა არჩევნებზე იყო დაუბალანსებელი ოქმები და გამოკვლევის შემდეგ ეს ოქმები სწორდებოდა.
  4. ხარვეზიან ოქმებში ხშირად არა სხვა პარტიას, არამედ მმართველ პარტიას აქვს დაკლებული ხმები. გაყალბება თუ ვინმეს უნდა, ამ პროცესში საკუთარ თავს არ დაიზიანებს.

მამუკა მდინარაძის თქმით, ოქმებში დისბალანსთან დაკავშირებული ხარვეზები უნდა გაიყოს ორ ნაწილად: უბნები, სადაც შესულია საჩივარი, რომ ხელმოწერაზე მეტი ბიულეტენი ფიქსირდება (რაც პრობლემას წარმოადგენს და შესასწავლია) და უბნები, სადაც ბიულეტენების დანაკლისია (რაც საარჩევნო პრაქტიკაში პრობლემას არ წარმოადგენს).

მამუკა მდინარაძემ გაიხსენა “ქართული ოცნების” შტაბის უფროსის, ირაკლი კობახიძის გაფრთხილება, რომ ოპოზიციის მიერ იგეგმებოდა ბიულეტენების გატანა და შემდეგ სიუჟეტების ინიცირება, რომ კარუსელების მცდელობა ამხილეს, ისევე, როგორც მათი რეგისტრატორების მხრიდან ამომრჩეველზე ბიულეტენების გაცემა სიაში ხელმოწერის გარეშე, ხელმოწერის გამოტოვება მონაცემებში ბუნდოვანების შეტანის მიზნით.

ასევე, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ დარღვევების შესახებ საჩივრების მასობრივად წერა დაიწყო არა კენჭისყრის დღეს, არამედ შედეგების გაცნობის შემდეგ.

“თუ პრობლემა არსებობდა, რატომ დაეთანხმნენ მათი წარმომადგენლები ასეთი ოქმების ხელმოწერას?” – კითხულობს მდინარაძე, აღნიშნავს რა, რომ იმ ოქმებზე, რომლებითაც ოპოზიცია სპეკულირებს, საარჩევნო კომისიებში მათი წარმომადგენლების ხელმოწერებიც არის დაფიქსირებული.

ოთხი ტელევიზიის ეგზიტპოლის შედეგები 

მასალების გადაბეჭდვის წესი