ახალი ამბები

პროკურატურამ პოლიციელი დააკავა ავტოავარიის ფაქტზე, რომელსაც მოზარდი ემსხვერპლა

4 ნოემბერი, 2020 • 1045
პროკურატურამ პოლიციელი დააკავა ავტოავარიის ფაქტზე, რომელსაც მოზარდი ემსხვერპლა

პროკურატურამ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე თელავის რაიონულ სამმართველოში მომუშავე პოლიციელი დააკავა. საუბარია ავარიაზე, რომელსაც 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 3 ნოემბერს სოფელ ვაზისუბანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე საკუთარი ავტომანქანით მოძრავი ინსპექტორ-გამომძიებელი შეეჯახა მოპედს, რომელსაც 14 წლის მოზარდი მართავდა.

“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო მისი მგზავრი, 9 წლის მოზარდი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის დაკავებული პირის სიმთვრალე-სიფხიზლის დადგენის მიზნით”, – წერს უწყება.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. ეს ნაწილი გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი