ახალი ამბები

სააკაშვილის ამბობს, რომ Covid-19 მსუბუქად გადაიტანა და „მასობრივ კონსოლიდაციაზე“ საუბრობს

4 ნოემბერი, 2020 • 750
სააკაშვილის ამბობს, რომ Covid-19 მსუბუქად გადაიტანა და „მასობრივ კონსოლიდაციაზე“ საუბრობს

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე კვირის წინ მსუბუქად გადაიტანა კორონავირუსი, რაც მოგვიანებით აღმოაჩინა ანტისხეულებზე ტესტით.

„მე თვითონ გადავიტანე ეს ვირუსი რამდენიმე კვირის წინ. მსუბუქ გრიპზე უფრო მსუბუქად გადავიტანე. ბევრი ადამიანი ასე იტანს. რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – თქვა სააკაშვილმა 3 ნოემბერს, „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას და დასძინა: „თითქმის არც გამიგია, უბრალოდ, მერე ამომიგდო ანტისხეულები“.

ამის შემდეგ სააკაშვილმა „მასობრივი კონსოლიდაციის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა: „მე იმას ვიძახი, რომ არ უნდა გვეშინოდეს. რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, ნიღაბი უნდა გვეკეთოს, ხელები დავიბანოთ, ყველა ნორმა დავიცვათ. მაგრამ რომ გითხრათ, რომ რაღაცა… ჩემ გარშემო უამრავმა ადამიანმა გადაიტანა და თითქმის არავის არანაირი გართულება არ ჰქონია“, – თქვა მან.

„ქვეყნის დაკარგვა მართლა მომაკვდინებელია. ქვეყნის დაკარგვა მართლა თითოეული ჩვენგანის არსებობის დასრულება შეიძლება იყოს. ამიტომ ახლა ერთადერთი გზა დაგვრჩენია: კონსოლიდაცია, მასობრივი კონსოლიდაცია, როგორც მოხდა ყირგიზეთში, სომხეთში, თავის დროზე საქართველოში“, – განაცხადა მან და დასძინა: “ეს მაგალითები მასობრივი დემონსტრაციების მაგალითებიცაა”.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მოუწოებენ, კორონავირუსული პანდემიის პერიოდში თავი შეიკავონ მასობრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისაგან და დაიცვან ჯანდაცვის სპეციალისტების გაცემული რეკომენდაციები. მსოფლიოში კორონავირუსით დაახლოებით 1.21 მლნ ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს, 3 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 943ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა. სულ საქართველოში კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა გამოვლენილი. 28 633 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხოლო 362 გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირების 15 501 შემთხვევა ფიქსირდება. ამჟამად 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში; მძიმე პაციენტი არის 589, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებულია 281 პირი; 2 264 ადამიანი იმყოება კოვიდ-სასტუმროში, 8 984 ადამიანი კი ბინაზე მკურნალობს. საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 3 080 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი