ახალი ამბები

თამარ ჟვანიამ აუცილებლად უნდა დატოვოს პოსტი – ინაშვილი

3 ნოემბერი, 2020 • 769
თამარ ჟვანიამ აუცილებლად უნდა დატოვოს პოსტი – ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პარტია ითხოვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას.

ეს განცხადება ირმა ინაშვილმა 3 ნოემბერს „რუსთავი 2-ის“ „ღამის კურიერის ეთერში, ირაკლი იმნაიშვილთან ინტერვიუში გააკეთა.

ინაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარტია არ შედის პარტლამენტში, რადგან არჩევნები გაყალბებულია: „არსებობს ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი, თუნდაც ოქმების სახით, სადაც არანაირად ბალანსი არ დგება“.

„ამას გარდა, იყო უამრავი წინასაარჩევნო და საარჩევნო დარღვევა, რაც უთანაბრდება სისხლის სამართლის დანაშაულს, იყო ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვის ფაქტები, რაც აღარასდროს უნდა გამეორდეს. და ამის ფონზე შევიდეთ პარლამენტში და დავიკავოთ ის 4 მანდატი, რაც თითქოსდა 3%-ის შედეგად გვარგუნა „ქართულმა ოცნებამ“, იქნება ამომრჩევლის უპატივცემულობა“, – თქვა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილის თქმით, 100-ზე მეტი საჩივარი შეიტანეს საარჩევნო კომისიებში და ეს საჩივრები შემდეგ დარღვევებს ასახავს: „როდესაც ყუთში ორ-ორ კონვერტს აგდებს ერთი მოქალაქე; როდესაც ერთი და იგივე პირები რამდენჯერმე მონაწილეობენ არჩევნებში სხვადასხვა პირადობის მოწმობით; როდესაც საარჩევნო უბნიდან ქრება რატომღაც ბიულეტენები“.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დღეს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ. „პატრიოტთა ალიანსმა“ ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, თუმცა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისა და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ისინიც ითხოვენ, თუმცა მოთხოვნის თაობაზე პარტიამ ცალკე განცხადება გააკეთა.

ნახეთ ასევე:

ბოიკოტი – ოპოზიციამ ერთობლივი შეთანხმება გააფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი