ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა შეშფოთებას გამოხატავს გიორგი რურუაზე ციხეში თავდასხმის გამო.
„უკიდურესად შოკირებული ვარ ციხეში გიორგი რურუაზე აღმაშფოთებელი თავდასხმისა და მისი ცემის გამო. მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება“, – წერს ფოტიგა ტვიტერზე.
მან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს მოუწოდა, რომ ყურადღება მიაქციოს რურუას საკითხს და განაცხადა, რომ ევროპელმა დიპლომატებმა უნდა მოინახულონ რურუა ციხეში და შეაფასონ სიტუაცია.
I’m extremly shocked with the news of Giorgi #Rurua being brutally attacked and beaten in prison. Georgian Government bears full responsibility for his health & safety. I call on @JosepBorrellF & @eu_eeas to raise this issue. EU diplomats should visit him & assess the situation. pic.twitter.com/m2kqfGuEgM
— Anna Fotyga – Biuro Poselskie (@AnnaFotyga_PE) November 3, 2020
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2 ნოემბერს დაადასტურა, რომ იმ დღეს ციხეში გიორგი რურუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. უწყება ამბობს, რომ დაწყებულია გამოძიება. სამსახური წერს, რომ ფიზიკური დაპირსპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში.
ამ განცხადებამდე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ ციხეში რურუაზე თავდასხმა მოხდა. მანვე განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური დაკვეთა იყო. უწყების განმარტება კი ასეთია:
„სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ 2020 წლის 2 ნოემბერს N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული გიორგი რურუა, ადვოკატთან ვიზიტის მიზნით, გამოყვანილი იყო საკნიდან. დაახლოებით 15:25 სთ-ზე, 1-ლი სარეჟიმო კორპუსის E-6 ფლიგელში (სადაც 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება) გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ-მ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და ახორციელებდა სატელეფონო ზარს.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იქვე ახლოს მდებარე N76 საკანში (ბრალდებულ პ.ნ-ს საკანში), ტარდებოდა საპირფარეშოს სარემონტო სამუშაო, რის გამოც საკნის კარი იყო ღია. გიორგი რურუას მოცემულ ფლიგელში გადაადგილებისას სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცერმა მიხურა მითითებული საკნის კარი და იქვე დადგა.
როდესაც პ.ნ-სა და გიორგი რურუას შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ოფიცერი გაიქცა მათ გასაშველებლად, ამ დროს საკნიდან გამოვიდნენ პ.ნ-ს თანამესაკნეები: ნ.ო., დ.ძ., გ.ჯ. და გ.ც. და მათაც მაიყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გიორგი რურუას. ინციდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი, თუმცა ფიზიკური დაპირსპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში. მას დაწესებულების მორიგე ქირურგის მიერ მაშინვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.
მომხდართან დაკავშირებით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გაიგზავნა შეტყობინება საგამოძიებო ორგანოში, დაიწყო გამოძიება. ამჟამად მიმდინარეობს დაკითხვის პროცედურები და კანონით დადგენილი წესით დაარქივებულია მოცემული ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა“, – წერია განცხადებაში.
ოფიციალური განცხადებიდან მალევე გიორგი რურუამ ციხიდან დაწერა – „მეგობრებო, მხნედ და მშვიდად, წინ გამარჯვებისკენ“!
გიორგი რურუა ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომელთა გათავისუფლებას ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ითხოვდა წინააღმდეგ შემთხვევაში კი საარჩევნო სისტემის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს
მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა და მათ საპატიმრო დატოვეს, ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ შეთანხმების შესრულებამდე გიორგი რურუას გათავისუფლება და საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იყო დარჩენილი.
რურუა 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.
თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.
პენიტენციური ადასტურებს, რომ რურუას ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ