ახალი ამბები

TI ეჭვობს, რომ ოქმზე ხელმოწერები შესაძლოა გააყალბეს

3 ნოემბერი, 2020 • 2065
TI ეჭვობს, რომ ოქმზე ხელმოწერები შესაძლოა გააყალბეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო გლდანის ოლქის 99-ე საარჩევნო უბნის პროპორციული შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებას გეგმავს, რადგან მისულ ამომრჩეველს და პარტიების მიერ მიღებულ ხმებსა და გაბათილებულ ხმებს შორის, ორგანიზაციის განცხადებით, არის განსხვავება 63 ხმით.

გარდა ამისა, ორგანიზაცია შემაჯამებელ დოკუმენტსა და შესწორების ოქმებზე დატანილი ხელმოწერების ნამდვილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად საერთაშორისო გამჭვირვალობა ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, მათ ყურადღებას იქცევს ცესკოს ვებ-გვერდზე ატვირთული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმსა და იმავე უბნის შესწორებების ოქმში კომისიის ერთი და იგივე წევრების ხელმოწერებს შორის აშკარა სხვაობა და აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

“მიგვაჩნია, რომ ერთი და იმავე პირის მიერ ორ დოკუმენტზე განსხვავებული ხელმოწერების საკითხით უნდა დაინტერესდეს საგამოძებო ორგანო და ობიექტური გამოძიების პირობებში დადგინდეს, ხომ არ არის ხელმოწერები გაყალბებული”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა გლდანის საარჩევნო ოლქის 99-ე უბნის საარჩევნო კომისიის მდივანს, თამარ შევარდნაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ დისბალანსი მოსულ ამომრჩეველს და მიღებულ ხმებსა და ბათილ ბიულეტენებს შორის გამოწვეულია ტექნიკური შეცდომით. მან ასევე უარყო ხელმოწერების გაყალბების შესაძლო ფაქტი.

“მოხდა უბრალო ტექნიკური შეცდომა, რაც ასახულიცაა შესწორების ოქმში. რაც შეეხება ხელმოწერების შესაძლო გაყალბებას, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. უბრალოდ, გასაგები რომ ყოფილიყო, შესწორებების ოქმზე სრულად, სახელისა და გვარი გამოყენებით მოვაწერინე კომისიის წევრებს ხელი. თუ გნებავთ, ახლაც ასევე მოაწერენ”, – აცხადებს შევარდნაძე.


გლდანის საარჩევნო ოლქში ნიკანორ მელიამ გაიმარჯვა. მან ხმათა 44.06% მოაგროვა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი პირველ ტურშივე გამარჯვებისთვის. შესაბამისად, მეორე ტურში იგი ქართული ოცნების კანდიდატს ლევან კობიაშვილს დაუპირისპირდება, რომელმაც ხმათა 42.48% მიიღო. ოპოზიციური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, არჩევნების დღეს გლდანის საარჩევნო ოლქში არჩევნების მასშტაბური გაყალბება მიმდინარეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი