საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც. ამის შესახებ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ 20 ლარით დააჯარიმებენ მოქალაქეს, რომელიც აღნიშნულ რეგულაციას დაარღვევს.
“პირბადეების [ღია სივრცეში] ტარებაზე დაწესებული იქნება ისეთივე რეგულაცია, როგორიც არის დახურულ სივრცეებში ტარებაზე. ეს არის 20 ლარი. ეს არის ჯარიმა, რომელიც მოქმედებს დღეისთვის. დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება დღესაც სავალდებულოა, უბრალოდ, ჩვენ ვაფართოებთ ამ ნორმას და ხვალიდან პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება დახურულ სივრცეებშიც”, – თქვა მან.
“ნეტგაზეთი” მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა რეგულაციის დეტალების დასაზუსტებლად. პრესსამსახურის თანახმად, მოქალაქეს, რომელიც ღია სივრცეში მარტო გადაადგილდება და მის გარშემო არავინაა, უპირბადობისთვის არ დააჯარიმებენ. სხვა შემთხვევაში, პირბადის ტარება აუცილებელია და არ აქვს მნიშვნელობა, სხვა ადამიანი, რომელიც ქუჩაზე გადაადგილდება, უბრალო შემხვედრია თუ თან ახლავს მოქალაქეს.
მთავრობამ დღეს სხვა შეზღუდვების ამოქმედების შესახებაც განაცხადა. საქართველოს დიდ ქალაქებში სკოლები 4-დან 25 ნოემბრამდე დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი რესტორნები კი 22:00 საათზე უნდა დაიხუროს.







