ახალი ამბები

პროკურატურამ მელიას დაკავების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა – ენმ

3 ნოემბერი, 2020 •
პროკურატურამ მელიას დაკავების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა – ენმ

ნაციონალური მოძრაობის იფნორმაციით, პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

როგორ პარტიაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, დაახლოებით 12 საათისთვის გაიგეს იმის შესახებ, რომ 17:00 საათზე საქალაქო სასამართლოში  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო იყო ჩანიშნული.

“ნეტგაზეთი” პროკურატურასთან დაკავშირებასაც ცდილობს, თუმცა უწყებაში ამჟამად არ გვპასუხობენ.

აღნიშნულს წინ უსწრებდა ნიკა მელიას მიერ პირველი ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ელექტრონული სამაჯურის დემონსტრაციული მოხსნა.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე მოიხსნა სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის გაკეთებული ელექტრონული სამაჯური.

“ამ სამაჯურის ტარებას აღარ ვაპირებ, რადგან ეს უსამართლობის სიმბოლოა და არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც აღარ შევიბამ, გამორიცხულია. ზუსტად ვიცი, ციხეში ვიქნები თუ თქვენთან ერთად ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს და გამარჯვებულები ვიქნებით”, – განაცხადა მელიამ აქციაზე გამოსვლისას.

განახლება 14:00 საათი 

საქართველოს პროკურატურა ამბობს, რომ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასა და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვას ითხოვს. ოფიციალურ კომენტარში უწყება აცხადებს:

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს’.

პროკურატურამ ნიკა მელიას 2019 წელს ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ მელიას აღკვეთის სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო და შინაპატიმრობა შეუფარდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება ავალდებულებდა მას სამაჯურის გაკეთებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი