ახალი ამბები

არჩევნების ბათილობაზე “პატრიოტთა ალიანსს” თავისი განცხადება ექნება — თევდორაძე

3 ნოემბერი, 2020 • 789
არჩევნების ბათილობაზე “პატრიოტთა ალიანსს” თავისი განცხადება ექნება — თევდორაძე

“პატრიოტთა ალინსის” ერთ-ერთი ლიდერი გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისა და განმეორებითი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის თაობაზე პარტია ცალკე განცხადებას გააკეთებს.

მსგავსი შინაარსის განცხადებას ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს, 3 ნოემბერს მოაწერეს ხელი. საერთო განცხადებაზე ხელმოწერისას ოპოზიციონერმა პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის განცხადებას “პატრიოტთა ალიანსიც” უერთდება.

ნეტგაზეთის კითხვაზე, მოაწერს თუ არა ხელს ოპოზიციის საერთო განცხადებას “პატრიოტთა ალიანსი”, თევდორაძე გვპასუხობს:

“პატრიოტთა ალიანსი” გაავრცელებს თავის განცხადებას, უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ არ ვცნობთ ამ არჩევნებს, ვითხოვთ ბათილობას. რა მნიშვნელობა აქვს, ამათი განცხადებაა, სხვისი… ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ჩვენი განცხადება გვექნება და გავაკეთებთ ჩვენს განცხადებას. ძალიან კარგია, რომ ბევრი აწერს ხელს და ყველა ამბობს, რომ ბათილად უნდა იცნოს ეს არჩევნები. კარგია, რაც მეტი შეუერთდება ასეთ ფორმატს და ჩვენ ჩვენი განცხადება გვაქვს[… ], ახლა ამ ფურცელს დავიკავებთ ხელში თუ სხვა ფურცელს, ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა? ჩვენ ცალკე გავაკეთებთ ამ განცხადებას, იქ რომ არ ვართ, ხომ ხედავთ? და განცხადება რომ მსგავსია, ეს არ არის ჩვენი არჩევანი”, — განაცხადა თევდორაძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ. ისინი 3 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” შეიკრიბნენ.

შეთანხმებას ხელს აწერენ: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი”, “ლეიბორისტული პარტია”, “რესპუბლიკური პარტია”, “სახელმწიფო ხალხისთვის”, “ევროპელი დემოკრატები”, “კანონი და სამართალი”, “ერთიანი საქართველო”, “მოქალაქეები”, “ტრიბუნა”, “გამარჯვებული საქართველო”, “სამართლიანობისთვის”, “თავისუფალი დემოკრატები”, “თავისუფლება”, “თავისუფალი საქართველო”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”.

ბოიკოტი – ოპოზიციამ ერთობლივი შეთანხმება გააფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი