ახალი ამბები

თამარ ჟვანია განმარტავს, რა შემთხვევაში გადადგება

3 ნოემბერი, 2020 • 1975
თამარ ჟვანია განმარტავს, რა შემთხვევაში გადადგება

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ დაუბალანსებელი ოქმების სოციალურ ქსელებსა და მედიაში გამოქვეყნებით მიზანმიმიმართული და არასწორი კამპანია მიმდინარეობს.

“შეცდომები არ არის ახალი და პირველად არ ხდება არჩევნებზე. შეიძლება იყოს ტექნიკური შეცდომა, მექანიკური შეცდომა, ასევე, არის ხოლმე, როდესაც არასწორად ივსება ოქმი, თუმცა ძალიან საოცარი, არასწორი, მიზანმიმართული კამპანიური ხასიათი აქვს იმას, რაც დღეს ხდება — მათ შორის სოციალური ქსელით და მედიით დატრიალებული ოქმები, რომლებიც თითქოსდა გაყალბებულია. ტრიალებს ოქმები, მაგრამ მათთან ერთად არ ტრიალებს შესწორების ოქმები, რომლებიც არის ოქმის სამართლებრივი შემადგენელი ნაწილი”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცესკოს თავმჯდომარის თქმით, სოციალურ ქსელებში ასევე ტრიალებს მაჟორიტარული ოქმები, რომლებსაც თითქოს ხმები აკლია, მაგრამ სინამდვილეში ისინი გამართულია, ვინაიდან მაჟორიტარულ ნაწილში ზუსტად ის ამომრჩეველი არ მონაწილეობს, ვინც პროპორციულში.

“დღეს მიმდინარეობს ამ ოქმების რევიზია და გასწორება. შესწორების ოქმების შეყვანაც და საჩივრები იქნება განხილული. ნებისმიერ შემთხვევაზე, რომელსაც სამართლებრივად დააფიქსირებს ნებისმიერი პოლიტიკოსი, იქნება ზუსტად ის შედეგი, რაც არის ყუთში”, – განაცხადა ჟვანიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)“ აცხადებს, რომ მათი პარალელური დათვლის (PVT) თანახმად, ქვეყანში 31 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა დისბალანსი შემაჯამებელ ოქმში და ამ ტენდენციის მაქსიმალური გავლენა შედეგებზე იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები.

ჟვანიას თქმით, “ეს 4% პროცენტი საიდან მოვიდა, არავინ იცის” და არასწორია.

“ეს 4%, რაზეც სამართლიანი არჩევნები საუბრობს, არ ეხება პარალელურ დათვლას, რომელსაც თავისი მეთოდოლოგია აქვს. ახლანდელი პარალელური დათვლის შედეგები რომ შევადაროთ ცესკოს შედეგებს, ის არის ერთი-ერთში და, ფაქტობრივად, ცდომილების ზღვარში ჯდება ყველაფერი”, – დასძინა ჟვანიამ.

რეალურად, სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარ მონაცემებს შორის განსხვავება 2%-ზე მეტია, მაშინ, როცა PVT-ის ცდომილების ზღვარი 0,6-0,7%-ია.

სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები:

  • “ქართული ოცნება” – 45.8% [ცდომილების ხარისხი 0,7%]
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 26,4% [ცდომილების ხარისხი 0,6%]

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემები:

  • “ქართული ოცნება” – 48,23%
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 27,16%

კითხვაზე, რა შემთხვევაში შეიძლება თამარ ჟვანია გადადგეს, ცესკოს თავმჯდომარე პასუხობს:

“თამარ ჟვანია იმ შემთხვევაში მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა. დღეს ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ხალხის ნება იყოს ზუსტად გადმოცემული. როდესაც პოლიტიკური მიზნებით ვინმე შედეგების ნამდვილობის საკითხს აყენებს, ეს არასწორია. აიღოს ყველამ ოქმები და თითოეულ მოქალაქეს შეუძლია დათვალოს შედეგები. თუ რომელიმე იქნება არასწორი, შემდეგ ვისაუბროთ დანარჩენზე“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი