ახალი ამბები

“იმედი მაქვს, გონს მოეგებიან” — კახიანი ოპოზიციაზე

2 ნოემბერი, 2020 • 711
“იმედი მაქვს, გონს მოეგებიან”  — კახიანი ოპოზიციაზე

“ქართული ოცნების” წევრი გიორგი კახიანი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური შემდგარია და “ის ლეგიტიმურად სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობამ ცნო”.

მისი თქმით, ამ ფონზე ოპოზიციის პოზიცია, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და პარლამენტში შესვლას არ აპირებენ, აბსურდული ჩანს.

“იმედი მაქვს, რომ გონს მოეგებიან და დაუბრუნდებიან როგორც საარჩევნო რეჟიმს, შემდგომ უკვე საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღებენ მონაწილეობას.  რა მოხდება სამართლებრივად იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდა, მოხდება ის, რომ არჩევნები შედგება, ჩატარდება მეორე ტურიც და პარლამენტის ფუნქციონირებასაც თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ ოპოზიცია მის ბლოკირებას მოახდენს, ვერანაირად ხელი ვერ შეეშლება”, — აცხადებს კახიანი.

თუმცა, მისი აზრით, ახლა “ხელის გადაწევის პრინციპით” არ უნდა იმოქმედონ და მთავარია, რომ ოპოზიცია “გონს მოეგოს”.

“ჩავთვალოთ, რომ ეს არის ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს”, — ამბობს კახიანი.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ოპოზიციური პარტიები ამ დრომდე მსჯელობენ, შევლენ თუ არა პარლამენტში, თუმცა რამდენიმე მათგანის, “ევროპული საქართველოს”, “ნაციონალური მოძრაობის” და “ლეიბორისტული პარტიის”საბოლოო გადაწყვეყტილება უკვე ცნობილია, ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი