დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, 36-ე უბნის კომისიის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს უბნის თავმჯდომარემ დაუდასტრდა.
როგორც ის გვიყვება, არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს უბნის ერთ-ერთი რეგისტრატორი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც კომისიის წევრებმა სასწრაფო გამოიძახეს.
„ცუდად გახდა, ჰაერის უკმარისობა ჰქონდა, საღამოს საათებში, დაახლოებით 18 საათისკენ, გამოვიძახეთ სასწრაფო, მან დაუდასტურა ჰაერის უკმარისობა. გვითხრეს, თუ საშუალება გაქვთ და სახლში წავა – კარგი იქნებაო. მე დავუკავშირდი საოლქოს და საოლქომაც თანხობა მოგვცა, შესაბამისად, ის სახლში გავუშვით.
როგორც ჩემთვის ამ დილით გახდა ცნობილი, მას დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია“, – გვიყვება თავმჯდომარე.
მისი თქმით, უბანზე დაცული იყო უსაფრთხოების ყველა შესაძლო ნორმა – კომისიის წევრები ეკიპირებულნი იყვნენ და ყველა მათგანს ჰქონდა ჰიგიენის პირადი ნივთებიც, ე.წ. სანიტაიზერები, პირბადეები, ხელთათმანები და სხვა.
არჩევნების დღეს 36-ე უბანზე 704 ამომრჩეველი მივიდა, გარდა ამისა, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა კომისიის 12 წევრი და, როგორც თავმჯდომარე გვიყვება, დაახლოებით, 50-მდე დამკვირვებელი – „რომელიც დღის განმავლობაში მოდიოდა და მიდიოდა“.
„გვითხრეს, იზოლაციაში გადადითო“, – ამატებს ის. არსებობს თუ არა რაიმე ტიპის რეკომენდაცია არჩევნებზე მისული ამომრჩევლებისთვის, ნეტგაზეთი ამის გარკვევას NCDC-ში ცდილობს.
საქართველოში [2 ნოემბრის დილის მონაცემებით] ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი.
26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 42 579 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 26 800 გამოჯანმრთელდა, ხოლო 342 გარდაიცვალა.