ახალი ამბები

მელიას დაკავება პოლიტიკურად არ იქნება სწორი — კობახიძე სამაჯურის მოხსნაზე

1 ნოემბერი, 2020 • 1068
მელიას დაკავება პოლიტიკურად არ იქნება სწორი — კობახიძე სამაჯურის მოხსნაზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკამ მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს კანონდარღვევაა.

“ეს, რა თქმა უნდა, არის უხეში კანონდარღვევა და კანონდარღვევასთან ერთად კიდევ უფრო მძიმეა, რომ ეს არის ძალიან მძიმე პროვოკაცია. როდესაც ამ ასაკი კაცი მუდმივად გამოირჩევა პროვოკაციებით, ეს ძალიან მძიმედ მეტყველებს მასზე და მის თვისებებზე”, — განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ამის გამო მელია უნდა დააკავონ, კობახიძე პასუხობს, რომ არ ჰგონია, მელიას დაკავება პოლიტიკურად მიზანშეწონილი იყოს.

“ამაზე მე არ გაგცემთ პასუხს, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე. თუმცა, პოლიტიკურად მე ვიტყოდი, რომ ეს არ იქნება სწორი. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ნიკა მელია ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე. ამის შემდეგ რა ზომები მიიღება, ეს არის უკვე სხვა საქმე”, — განაცხადა კობახიძემ.

დღეს, პირველ ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, ნიკა მელიამ  სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის გაკეთებული ელექტრონული სამაჯური მოიხსნა.

“ამ სამაჯურის ტარებას აღარ ვაპირებ, რადგან ეს უსამართლობის სიმბოლოა და არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც აღარ შევიბამ, გამორიცხულია. ზუსტად ვიცი, ციხეში ვიქნები თუ თქვენთან ერთად ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს და გამარჯვებულები ვიქნებით”, – განაცხადა მელიამ აქციაზე გამოსვლისას.

ცესკოს წინასწარი შედეგებით [უბნების 100%], გლდანის მაჟორიტარულ ოლქში პირველ ადგილზე ნიკა მელია გავიდა. მან მიიღო ხმების 43.88%, მეორე ადგილზე კი “ქართული ოცნების” კანდიდატი ლევან კობერიძე გავიდა ხმების 42.69%-ით. რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი, გლდანის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად მეორე ტური უნდა გაიმართოს.


გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას 2019 წელს ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ მელიას აღკვეთის სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო და შინაპატიმრობა შეუფარდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება ავალდებულებდა მას სამაჯურის გაკეთებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი