ახალი ამბები

მარნეულის მე-18 უბნის დაკარგული შემაჯამებელი ოქმი იპოვეს

1 ნოემბერი, 2020 • 1311
მარნეულის მე-18 უბნის დაკარგული შემაჯამებელი ოქმი იპოვეს

მარნეულის მე-18 საარჩევნო უბნის ოქმი, რომელიც აქამდე დაკარგული იყო, პოლიციამ იპოვა და საუბნო კომისიას გადასცა. ამის შესახებ ნეტგაზეთს საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, ანა ილურიძემ განუცხადა.

“პოლიციამ იპოვა ოქმი და გადმოგვცა, შესაბამისად, საჭირო აღარ გახდა დამატებითი პროცედურები, რაც ბიულეტენების ტომრის გახსნას და ხმების თავიდან გადათვლას ითვალისწინებდა”, – განაცხადა ილურიძემ.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, ხომ არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ ნაპოვნი ოქმის ნამდვილობა, ილურიძე პასუხობს, რომ ყველა ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და ამ შემთხვევაში სათუო არაფერია. კომისიაში ნაციონალური მოძრაობა ძალა ერთობაშიას წარმომადგენელმა ლაშა ქველაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მისი ვარაუდით ოქმი საერთოდაც არ იყო დაკარგული.

“აღნიშნულ უბანზე მთელი დღის მანძილზე ყალბდებოდა არჩევნები, ერთი და იგივე ადამიანები რამდენიმეჯერ აძლევდნენ ხმას. როგორც ჩანს, თავადაც მოერიდათ ამდენი ხმის მიღება და კენჭისყრის დასრულების შემდეგ ოქმი საკუთარ ოფისში წაიღეს, ხოლო ამის შემდგომ ჩარიეს პოლიცია და გადაიტანეს, თითქოს იპოვეს”, – ამბობს ლაშა ქველაძე.

მისივე თქმით, ხვალ მე-18 უბანზე იგეგმება საჩივრის დაწერა, სადაც ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს უბნის შედეგების ბათილად ცნობას.

დაკარგული ოქმი უკვე ატვირთულია საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ პორტალზე. ოქმის მიხედვით, არჩევნებზე სულ 992 მოქალაქე გამოცხადდა. პროპორციულ ნაწილში ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო 279 ხმა, ევროპულმა საქართველომ -3, გია ჟორჟოლიანის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ – 33, ხოლო ქართულმა ოცნებამ 609 ხმა მიიღო. ოქმში საქართველოს განვითარების პარტიას აქვს 47 ხმა, თუმცა შესწორების ოქმში ახსნილია, რომ პარტიამ 0 ხმა მიიღო.

მაჟორიტარულ ნაწილში, ევროპული საქართველოს კანდიდატმა აკმამედ (აჰმედ) იმამკულიევმა მხოლოდ 3 ხმა მიიღო, აზერ სულეიმანოვმა პოლიტიკური გაერთიანებიდან “ნაციონალური მოძრაობა ძალა ევროპაშია” 291 ხმა მოაგროვა, ხოლო პირველ ადგილზე გასულმა ქართული ოცნების კანდიდატმა ზაურ დარგალმა 652 ხმა აიღო.


მარნეულის მე-18 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შემდეგ, დაიკარგა შემაჯამებელი ოქმი. როგორც უბნის მდივანმა ნეტგაზეთს განუცხადა, აღნიშნული ოქმი საარჩევნო ჟურნალში იდო, რომელიც ასევე დაიკარგა.

მოგვიანებით, აღნიშნული უბნის ბიულეტენების ტომარა გადაიტანეს საუბნო საარჩევნო კომისიის შენობის ტერიტორიაზე, სადაც კომისიის წევრთა ნაწილის განცხადებით, ხუთი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ პოლიციას, რომელსაც უნდა დაელუქა ტომარა და დაეწყო საგამოძიებო სამუშაოები. საბოლოოდ ტომარა დაილუქა კომისიის მიერ. ასევე დაილუქა ის ოთახიც, რომელშიც ტომარა გადაიტანეს.

მარნეულისა და გარდაბნის გაერთიანებულ ოლქში სულ 124 უბანია. დღის განმავლობაში დათვლილი იყო 123 უბნის მონაცემები, დღის მეორე ნახევარში კი აიტვირთა ბოლო ოქმიც. არსებული მონაცემებით, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატს ჯერჯერობით ხმათა 51.16 პროცენტი აქვს, რაც საკმარისია პირველ ტურშივე გასამარჯვებლად. მეორე ადგილზე 38.69%-ით გავიდა ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატი აზერ სულეიმანოვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი