ახალი ამბები

გახარია: ვაფასებთ საერთაშორისო მისიების დასკვნებს

1 ნოემბერი, 2020 • 1524
გახარია: ვაფასებთ საერთაშორისო მისიების დასკვნებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტვიტერზე წერს, რომ ხელისუფლება აფასებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნებს 31 ოქტომბრის შედეგებთან დაკავშირებით.

„ვაფასებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წინასწარ მიგნებებსა და დასკვნებს. დამკვირვებლების თანახმად, არჩევნები ჩატარდა კონკურენტულად და, საერთო ჯამში, დაცული იყო ფუნდმენტური უფლებები და თავისუფლებები. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მდგრადი დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფას“, – წერს პრემიერი ტვიტერზე.

PACE/ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო „კონკურენტული და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული. მიუხედავად ამისა, ამომრჩევლებზე ზეწოლამ და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის წაშლამ შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთ ასპექტთან მიმართებაში“. საბოლოო დასკვნა მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ეუთო/ოდირის მისია არჩევნებს შეზღუდული რაოდენობის დამკვირვებლებით აკვირდებოდა. თავდაპირველად ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) გეგმავდა, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი გამოეგზავნა, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო ეს ვერ მოხერხდა.

„საგანგებო გარემოებები, რომელიც გამოწვეულია კოვიდ-პანდემიით განპირობებული აკრძალვებით მოგზაურობაზე, ნეგატიურად აისახა წევრი სახელმწიფოების შესაძლებლობაზე, მონაწილეობა მიიღონ მოკლევადიან მისიაში. ამან მნიშვნელოვანი დეფიციტი შექმნა, რაც შეუძლებელს ხდის არჩევნების დღეს პროცედურებზე ეფექტური დაკვირვებისთვის საკმარისი რაოდენობით მოკლევადიანი დამკვირვებლის განთავსებას, მით უმეტეს, პანდემიასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური სირთულეების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, OSCE/ODIHR-მა მიიღო გადაწყვეტილება, შეცვალოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფორმატი ლიმიტირებული მისიით ექსპერტებისა და გრძლევადიანი დამკვირვებლების მონაწილეობით“, – ნათქვამია ეუთო-ს განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. რამდენიმე საათის წინ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ „ლეიბორისტების“ ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ არჩევნები უკანონოდ გაიმართა და მის ლეგიტიმაციას არ ცნობენ.

ნათელაშვილი: ოპოზიციური პარტიები შევთანხმდით, რომ არჩევნები არალეგიტიმურია

მოვუწოდებთ პარლამენტს, რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ — PACE

მასალების გადაბეჭდვის წესი