ახალი ამბები

“ოპოზიციის მიერ მანდატებზე უარის თქმას სამართლებრივი მნიშვნელობა არ ექნება” – მენაბდე

1 ნოემბერი, 2020 • 1995
“ოპოზიციის მიერ მანდატებზე უარის თქმას სამართლებრივი მნიშვნელობა არ ექნება” – მენაბდე

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა აოსიცაციას” წარმოადგენს, აცხადებს, რომ თუ ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, ამას მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება და არა სამართლებრივი, რადგანაც მე-10 მოწვევის პარლამენტი მაინც შეიკრიბება, თუნდაც 60 დეპუტატი გადადგეს.

მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 დეპუტატი) და ის უფლებამოსილებას იძენს წევრთა 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან:

ბევრმა იკითხა: რა მოხდება, თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოახადებს და მანდატებზე უარს იტყვის? წინასწარ ვიტყვი, პოლიტიკურ ლეგიტიმაციას არ ეძღვნება ეს პოსტი, სამართლებრივ ნაწილზე ვამახვილებ ყურადღებას.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და სამანდატო კომისიას გადასცემს დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას. უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში (რომელიც უბრალო უმრავლესობით მიიღება, 76 დეპუტატის მხარდაჭერით) არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება: ა) გასაჩივრებულია სასამართლოში; ბ) საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.

საკითხს შეისწავლის პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას, რომელიც განიხილება უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.

ეს ნორმები აჩვენებს, რომ უფლებამოსილების ცნობა არჩეული პირის სტატუსთან შეუთავსებლობას ეხება და არა მის სურვილს, საბოლოოდ დაიჭიროს ან არა დეპუტატის ადგილი. ამდენად, თუ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, ამას მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნველობა ექნება და არა სამართლებრივი. პარლამენტი მაინც შეიკრიბება. თუნდაც 60 დეპუტატი გადადგეს”,- ამბობს კონსტიტუციონალისტი.

ვახუშტი მენაბდე ამ კომენტარით ეხმაურება დილიდან სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, თუ ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის, “ქართული ოცნება”, რომელსაც პარლამენტში 2/3 ანუ 100 დეპუტატი არ ეყოლება, საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციას ვერ მოახერხებს და საჭირო გახდება ახალი არჩევნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი