ახალი ამბები

ბაღდათის, ტყიბულისა და ზესტაფონის ოლქში მეორე ტური გაიმართება

1 ნოემბერი, 2020 • 1920
ბაღდათის, ტყიბულისა და ზესტაფონის ოლქში მეორე ტური გაიმართება

21-ე საარჩევნო ოლქში, რომელიც აერთიანებს ბაღდათის, ტყიბულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებს, მეორე ტური გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე უკვე განახლდა ინფორმაცია, რომ ოლქის 157-ვე უბნის მონაცემები დათვლილია.

ცესკოს საბოლოო მონაცემებით, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა ბეჟან წაქაძემ ხმათა 49.15% დააგროვა, რაც არ გახლავთ საკმარისი არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად. წაქაძეს მეორე ტურში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” კანდიდატი კახა გეწაძე დაუპირისპირდება, რომელმაც ხმათა 27.01% მოაგროვა.

21-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარულ არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა ევროპული საქართველოს კანდიდატი გიორგი წერეთელი 12.44%-ით. 3.48% მოაგროვა ანა ბაბილაშვილმა, რომელიც ლელოს წარმოადგენს, 2.18% კი -პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა ოთარ შაორიძემ. არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატებმა 1%-ზე ნაკლები ხმა დააგროვეს.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არ ენდობა ცესკოს შედეგებს და მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა. მათ დღეს, 16 საათზე, პარლამენტთან აქცია დაგეგმეს.

21-ე საარჩევნო ოლქის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული ნაწილის შედეგები / საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია


2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, წინა წლებთან შედარებით, განსხვავებული პრინციპით ტარდება. 150- ადგილიან პარლამენტში 120 მანდატი პროპორციული, ხოლო 30 ადგილი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულ კანდიდატებზე გადანაწილდება. წლევანდელ არჩევნებში საარჩევნო ბარიერი პოლიტიკური პარტიებისთვის 1%-ია, ხოლო ბლოკების შემთხვევაში იზრდება მასში შემავალი სუბიექტების რიცხვის პროპორციულად.

ცესკოს მონაცემებით, 31 ოტქომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში 20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 56.11 %-ია. ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნების დღეს დაფიქსირდა გაყალბების მნიშვნელოვანი შემთხვევები.

მასალების გადაბეჭდვის წესი