ახალი ამბები

კომისიის წევრებს მივეცით მითითება, არ მოაწერონ ხელი გაყალბებულ ოქმებს – სამადაშვილი

1 ნოემბერი, 2020 • 679
კომისიის წევრებს მივეცით მითითება, არ მოაწერონ ხელი გაყალბებულ ოქმებს – სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერ წევრებს მოუწოდებს, არ მოაწერონ ხელი გაყალბებულ ოქმებს. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით, პარტიამ უკვე მისცა ინსტრუქციები საკუთარ წარმომადგენლებს. ამის შესახებ სამადაშვილმა დღეს, 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“არჩევნების გაყალბების მიზნით, კომისიის წევრებს, მათ შორის, ოპოზიციური პარტიებიდან, სთხოვენ, რომ ხელი მოაწერონ სრულად გაყალბებულ ოქმებს. ჩვენ და საზოგადოებამ ვნახეთ ამ ოქმების ასლები. ეს არის, უბრალოდ, საზოგადოების დაცივნა. ჩვენ ყველა ჩვენს კომისიის წევრს მივეცით ინსტრუქცია და მითითება, რომ არცერთ მსგავს ოქმს ხელი არ მოაწერონ არავითარი ზეწოლისა და მუქარის შემთხვევაში”, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, ხვალიდან, 2 ნოემბრიდან, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” სრულად გამოიწვევს კომისიის წევრებს. სამადაშვილის თქმით, ეს არის სწორი გადაწყვეტილება როგორც მათი პარტიისთვის, ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც.

“ივანიშვილი ცდილობს, რომ ბოლომდე მიიყვანოს მასზე დაკისრებული მისია – ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოს ჩამოშორება საბოლოოდ დასავლური განვითარების გზიდან და გზის გადაკეტვა ევროპისკენ და ნატოსკენ. დემოკრატია არის მთავარი პრინციპი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ურთიერთობები დასავლეთთან. არავის ეგონოს, რომ გუშინდელი არჩვენების გაყალბება არის მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით გაყალბებული არჩევნები, არა, მეგობრები, ეს არის არჩევნები, რომელიც გაყალბდა სახელმწიფოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვის დასავლეთისკენ გზის საბოლოოდ ჩასაკეტად”, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, “ძალა ერთობაშიამ” მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს, არჩევნებთან დაკავშირებული პოზიცია უკვე აცნობეს და შეხვედრა მოითხოვეს დიპლომატიურ მისეიბთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რათა გააცნონ ყველა ოპოზიციური პარტიის შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით. სამადაშვილმა ბრიფინგზე მოქალაქეებს მოუწოდა დღეს, 16:00 სააათზე დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი