ახალი ამბები

ეს იყო ოცნების პირობებში ყველაზე ცუდად ჩატარებული არჩევნები – საია

1 ნოემბერი, 2020 • 1178
ეს იყო ოცნების პირობებში ყველაზე ცუდად ჩატარებული არჩევნები – საია

საიას შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები “ქართული ოცნების” პირობებში ყველაზე ცუდად ორგანიზებული და ჩატარებული არჩევნები იყო. ამის შესახებ დღეს, პირველ ნოემბერს საიას თავმჯომარე სულხან სალაძემ საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა.

მათი განმარტებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღემ კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა.

ორგანიზაციის თანახმად, დღის განმავლობაში არსებული დაძაბული ატმოსფერო გავლენას ახდენდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე თავად პროცესის მონიტორინგზე.
“ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით დაფიქსირებული პრობლემები გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ამას ემატება საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა, მათ შორის, პანდემიის შესაკავებლად გამოცემული წესების აღსრულების მიმართულებით”, — განაცხადა სულხან სალაძემ.

საიას შეფასებით, კენჭისყრის დღეს გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენციები, რომელიც უკავშირდებოდა:

  • ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლს (მთელი დღის განმავლობაში უბნების
    მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა პირთა კონცენტრაცია, რაც კენჭისყრის
    მიმდინარეობისას დროს თვალთვალის გარემოს ქმნიდა და ამომრჩევლის ნების
    თავისუფალ გამოვლინებას უშლიდა ხელს);
  • ფარულობის პრინციპის დარღვევას;მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევას, მათ შორის რიგ შემთხვევებში  ადგილი ჰქონდა მარკირების გარეშე ან/და ერთი და იგივე პირის მიერ ხმის ორჯერ მიცემას და არასათანადო დოკუმენტაციით უბანზე დაშვებას და ხმის მიცემას;
  • გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებულ დარღვევებს;
  • არაუფლებამოსილი პირების გადაადგილებას უბნის ტერიტორიაზე;

ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საიას ცალკეულ უბნებზე დაკვირვების შესაძლებლობა შეეზღუდა.

დაფიქსირდა ჩვენი დამკვირვებლების მიმართ აგრესიის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. რიგ შემთხვევებში დამკვირვებლებს არ აძლევდნენ ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის ჩაწერის და საჩივრის დარეგისტრირების შესაძლებლობას საარჩევნო უბანზე.  2 დამკვირვებელს
დაატოვებინეს უბანი. საიას დამკვირვებელი გაერთიანებული ოპოზიცისა  და მასთან აფილირებული ორგანიზაციების ზეწოლის ობიექტი გახდა”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

საის განცხადებით, დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებით შეიმჩნეოდა უბნებში და გარე პერიმეტრზე დაძაბული გარემო, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობაშიც გადაიზარდა.  საიამ  ჟურნალისტების მიმართ ძალადობის და მათი საქმიანობის ხელშეშლის შემთხვევები უარყოფითად შეაფასა და შსს-ს დროული და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდა.

საიას ინფორმაციით, ქარელისა და ხაშურის საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა (დამკვირვებლებმა აღრიცხეს თანხის გადაცემის შემთხევები).

მათივე შეფასებით, ტენდენცია იყოს საუბნო საარჩევნო კომისიებს არაორგანიზებულობა. მათი თქმით, ეს განსაკუთრებით მკაფიოდ იგრძნობოდა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი წესების შესრულებისას, რაც აფერხებდა როგორც კენჭისყრის პროცესს, ასევე იწვევდა პროცედურული დარღვევების ზრდას.

საიას განცხადებით, დარღვევების ციკლი გაგრძელდა უბნის დახურვის შემდეგ პერიოდშიც, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ხმების დათვლის დროს კომისიები ბალანსს დროულად ვერ სვამდნენ.

მათივე ინფორმაციით, ზოგიერთ შემთხვევაში გაცემულია იმაზე მეტი ბიულეტენი, ვიდრე ეს ხელმოწერით დასტურდება. ხშირ შემთხევაში საოლქო საარჩევნო კომისიებში უბნებიდან დაულუქავი ჩანაწერთა წიგნები და სხვა დოკუმენტაცია დაულუქავად მიდიოდა.

საიამ ასევე უარყოფითად შეაფასა ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურებაც, რამაც “ამომრჩეველში მანიპულაციის შეგრძნება გააჩინა”.

საია აგრძელებს კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდის მონიტორინგს (საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შესწავლას და შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვებას ზემდგომ საარჩევნო კომისიებში). ორგანიზაცია გეგმავს საბოლოო ანგარიშის მომზადებას, რომელიც შეაფასებს როგორც წინასაარჩევნო პერიოდის, ისე არჩევნების დღეს.

საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს, 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს ქვეყნის მასშტაბით 800-ზე მეტი დამკვირვებლით აკვირდებოდა. საბოლოოდ მისიამ, საერთო ჯამში, 2250 უბნამდე დაფარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი