ახალი ამბები

შსს-მ არჩევნების დღეს მომხდარ 9 ინციდენტზე დაიწყო გამოძიება

31 ოქტომბერი, 2020 • 877
შსს-მ არჩევნების დღეს მომხდარ 9 ინციდენტზე დაიწყო გამოძიება

გლდანში, N39 საჯარო სკოლაში განთავსებული საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავა. ამის შესახებ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ განაცხადა.

მანვე ისაუბრა დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებთან მომხდარ იციდენტებზე, რაზეც შსს-მ გამოძიება დაიწყო. ისანი-სამგორის რაიონში, N176 საჯარო სკოლაში მდებარე საარჩევნო უბანში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს. ასევე, ძალადობის მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება კახეთის გზატკეცილზე, N36-ში მდებარე საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ძალადობის მუხლით დაიწყო უწყებამ გამოძიება სენაკშიც, მე-16 საარჩევნო უბანში დამკვირვებლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე.

საბანაძის განცხადებით, ჯამში, არჩევნების მიმდინარეობის დროს მომხდარ 9 ინციდენტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.

ბრიფინგზე კახაბერ საბანაძემ ასევე ისაუბრა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზებაზეც. შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი საპოლიციო ძალების მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განაწილებულნი.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი საპოლიციო ძალების მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილების შესახებ. არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გადაადგილებები უკავშირდება მათ სამსახურებრივ მიზნებს, გეგმურ როტაციას, ან პოლიციელთა მხრიდან საარჩევნო ხმის მიცემის კანონიერ უფლებას”,-აცხადებს საბანაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი