ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, ამომრჩეველს არ ჰყავს ოცნების საპირწონე ჯანსაღი ალტერნატივა

30 ოქტომბერი, 2020 • 1208
ივანიშვილის თქმით, ამომრჩეველს არ ჰყავს ოცნების საპირწონე ჯანსაღი ალტერნატივა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო შემაჯამებელ ღონისძიებაზე ამომრჩევლებს მიმართა. მან მმართველი პარტიის მხარდამჭერებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ყველას დარწმუნება ვერ შეძლო საკუთარი მმართველობის პერიოდში. ივანიშვილი ამას დემოკრატიის პირობებში ბუნებრივ პროცესს უწოდებს და მომხრეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწიდებს.

“ფაქტია, რომ ყველა ის წარმატება, რისი მიღწევაც ოცნებამ ამ რთულ პერიოდში მოახერხა და შეძლო, არ აღმოჩნდა საკმარისი უმცირესობაში მყოფი, ჩვენდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასარწმუნებლად და ხვალ ისინი განსხვავებულ არჩევანსაც გააკეთებენ. მაგრამ ჩვენ მეტნი ვართ, გაცილებით მეტნი და სწორედ ეს არის უმრავლესობის პასუხისმგებლობა უმცირესობის წინაშე, რომ შევძლოთ და დავაზღვიოთ მათი შეცდომაც, რათა მათვე არ დაუჯდეთ ძვირი საკუთარი მცდარი გადაწყვეტილება”,-განაცხადა ივანიშვილმა ვიდეომიმართვაში.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე “დრამატულს” უწოდებს ვითარებას, რა დროსაც, მისი თქმით, ოპოზიცია მმართველი პარტიის საპირწონედ ამომრჩეველს ჯანსაღ ძალას ვერ სთავაზობს და ისევ რევანშზე ორიენტირებული ძალები დომინირებენ. საკუთარ სიტყვაში ივანიშვილმა ჩამოთვალა ის მიზეზები, რის გამოც “ქართული ოცნების” ყველა მხარდამჭერი არჩევნებზე უნდა მივიდეს, მათ შორის იყო ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ადამიანის უფლებები და სხვა.

“დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, ოპოზიციურ ველზე კვლავ დომინირებს რევანშზე ორიენტირებული, დესტრუქციული ძალა, რის გამოც „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, პრაქტიკულად, ამ ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს.

ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ქვეყანაში აღარასოდეს დაისადგუროს შიშმა და უსამართლობამ. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა მოქალაქემ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც არ იგრძნოს მიტოვებულად თავი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ადამიანს უსახსრობის გამო არ ეშინოდეს ექიმთან მისვლის. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ქართველ კაცს არასოდეს მოუწიოს აჩეხოს ვაზი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ჩვენ შვილებს ჰქონდეთ ევროპული ხარისხის განათლების საქართველოში მიღების გარანტია, ჩვენ ოჯახებს – კეთილდღეობა, ხანდაზმულებს კი – ღირსეული სიბერე.  ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა მშვიდობა და სტაბილურობა იყოს ურღვევი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა გაგრძელდეს ქვეყნის შენება და დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში”,-განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი