ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პოლიტიკურ ელიტაში ნდობის აღდგენისა და შერიგების დისკურსი სუსტია – ინტერვიუ თამთა მიქელაძესთან

30 ოქტომბერი, 2020 • 2652
პოლიტიკურ ელიტაში ნდობის აღდგენისა და შერიგების დისკურსი სუსტია – ინტერვიუ თამთა მიქელაძესთან

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ანგარიში, სახელწოდებით “კონფლიქტის რეგიონები და ადამიანის უფლებები პარტიების წინასაარჩევნო ხედვებში – 2020″ გამოაქვეყნა. გამოკვლევის შედეგებსა და, ზოგადად, კონფლიქტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ელიტების ხედვების შესახებ ნეტგაზეთის კითხვებს EMC-ის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე პასუხობს.


პირველ რიგში, თქვენი კვლევა შევაჯამოთ. რას სთავაზობენ პოლიტიკური პარტიები კონფლიქტების მოგვარების კუთხით ამომრჩეველს? რა ტენდენციების გამოკვეთა შეიძლება?

პარტიების დიდ ნაწილს არ აქვთ სათანადოდ დამუშავებული პოლიტიკური პროგრამები, ზოგიერთ მათგანს კი ამ დრომდე პროგრამების სრულყოფილი დოკუმენტებიც არ აქვს გამოქვეყნებული, ამიტომ მათი ხედვების დეტალური შეფასება დოკუმენტების მომზადების პროცესში გართულებული იყო. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, ზოგადად, პოლიტიკური პროგრამების მიმართ არსებულ პრობლემურ გამოცდილებას ჩვენს ქვეყანაში, როდესაც პოლიტიკური პარტიები ოპერირებენ არა იდეოლოგიური ჩარჩოების, ხედვების, რაციონალური არგუმენტების მიხედვით, არამედ რაღაც სხვა ლოგიკით, ეს იქნება პოპულიზმი, ლიდერების პერსონალური ქარიზმა, პოლარიზება, ანტაგონიზმებით საკუთარი დღის წესრიგის აშენება და ა.შ. 

რაც შეეხება კონფლიქტების თემას, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ დეოკუპაცია და კონფლიქტების ტრანფორმაცია არის ის საკითხები, რომლის გარშემოც პოლიტიკური დებატები და დისკუსიები აქტიურია საქართველოში. ეს ბოლო წლების დინამიკაა და მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესში ეს ასევე აშკარად გამოჩნდა.  ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, ზოგადად, ამ საკითხების მიმართ დაბალ პოლიტიკურ ინტერესსა და პრიორიტეტულობას, რაც კონფლიქტის მოგვარების პროცესს არსებითად აზიანებს. 

ამ ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური პარტიების ხედვები არსებითად განსხვავებული არ არის და მათი დიდი ნაწილი მხოლოდ ზოგად და ზედაპირულ მოსაზრებებს შეიცავს ამ თემაზე.

თუმცა პოზიტიურია ის, რომ თითქმის ყველა პარტია საუბრობს კონფლიქტის ტრანსფორმაციის მშვიდობიან გზებზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძალის არგამოყენებითა და სამშვიდობო პოლიტიკით უნდა მოხდეს. ამას დეკლარირებს ყველა ძირითადი პარტია, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. 

პარტიების პროგრამებში გარკვეული დისბალანსი ჩანს დეოკუპაციისა და ნდობისა და შერიგების მიზნებს შორის.  ეს ორი მიზანი, ისედაც თანადროულად რთულად ხორციელდება და ძალიან ფრთხილი პოლიტიკისა და დიპლონატიური სამუშაოების გატარებაა საჭირო, რომ დეოკუპაციის საკითხზე მუშაობამ არ გადაიყოლოს და დაანგრიოს შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით არსებული მცდელობები. სიმპტომატურია, რომ ეს დისპროპორცია პარტიების დიდ ნაწილში უფრო მეტად დეოკუპაციის, და არა ნდობის აღგდენისა და შერიგების სასარგებლოდ ჩანს. 

პოლიტიკური პარტიები, ამ მხრივ, საუბრობენ საერთაშორისო დოკუმენტებში, დღის წესრიგებში რუსული ოკუპაციის აღიარების, ამ რიტორიკის გააქტიურების მნიშვნელობაზე, რუსეთის მიმართ საერთაშორისო პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სანქცირების მნიშვნელობაზე. თუმცა იდეები, თუ როგორ უნდა წარიმართოს  ნდობის აღდგენისა და შერიგების პოლიტიკა უშუალოდ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან, პარტიების მნიშვნელოვან ნაწილში სათანადოდ არ არის წარმოდგენილი. ამ საკითხზე განსაკუთრებით მწირია მსჯელობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” პროგრამებში. 

შედარებით საინტერესოა “ლელოს” და “სტრატეგია აღმაშენებლის” მოსაზრებები, რაც ვფიქრობ, რომ ეს პროცესში ჩართული ექსპერტების დამსახურება უფროა.  მათ შორის “ლელო” საუბრობს ქართულ-აფხაზური და ქართული-ოსური დიალოგის ნეიტრალური ფორმატების შექმნაზე, ნეიტრალური საკომუნიკაციო არხების გაჩენაზე რუსული პროპაგანდის ჩასანაცვლებად და ა.შ. თუმცა, რამდენად გახდება ეს იდეები მათი რიტორიკისა და ადვოკატირების ნაწილი ყოველდღიურ პოლიტიკაში, არ ვიცით. 

მმართველი პოლიტიკური პარტიის ხედვები კი ამ მიმართულებით არის ძალიან ზედაპირული და ის მხოლოდ მოკლედ უთითებს, რომ  შერიგების და ნდობის აღდგენის არსებული პოლიტიკა გაგრძელდება და ხელისუფლება შეეცდება გაზარდოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების წვდომა სახელმწიფო სერვისებთან. „ქართული ოცნება“ არც მსჯელობს ახალ პერსპექტივებზე და სტრატეგიებზე, რომელიც შერიგების და ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკას არსებითად გააძლიერებდა. დეოკუპაციის მიმართულებით იდეები ასევე მწირი და ზედაპირულია. 

სავარაუდოდ, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ “სამშვიდობო ინიციატივები” , რომელიც არსებობს, სწორედ ესაა ჩაშლილი და დეტალური პროგრამა შერიგებისკენ. 

ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ ითვალისწინებს ეკონომიკური ინტერესის შექმნას და პროექტების მხარდაჭერას ოკუპირებულ რეგიონებში. თუმცა ამ პროექტების პრაქტიკული შედეგები, და მით უფრო სოციალური გავლენები, ჯერ კიდევ გასაზომია. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რამდენად აქტიურად იყენებს მას ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები სხვა ჯგუფები. ვგულიხმობ გალის მიღმა სხვა რაიონებში მცხოვრებ, მათ შორის, არაქართველ ადამიანებსა და ორგანიზაციებს და მას რამდენად რეალურად აქვს დაახლოების, კავშირებისა და ეკონომიკური ინტერესის გაჩენის პოტენციალი.  

რა მოლოდინი გქონდათ, რომელ ახალ იდეებზე შეიძლებოდა ყოფილიყო აქცენტი? რა უნდა შესთავაზონ ამომრჩეველს გარდა იმისა, რასაც სთვაზობენ? 

სანამ ამაზე გადავალთ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაზე გეტყვით, რომელიც ყველა პარტიის პოლიტიკური პროგრამაში ჩანდა. ეს არის კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში სწორება იმაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო ეკონომიკური და პოლიტიკური ალტერნატივა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. შესაბამისად, ევროპიზაციის და ევროინტეგრაციის პროცესი კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივითაა დანახული. თუმცა, უფრო ძირეული ხედვები, ევროინტეგრაციის პროცესში როგორ უნდა იყოს კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკა ჩართული, არ არის შეფასებული. 

ცალკეა ხაზგასმული საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხები. ამ კუთხით პარტიების ძირითადი  ნაწილი საკითხს უფრო ტექნიკურად ხედავენ და  ამ რეგიონებში  პატრულირების, ვიდეოთვალთვალის გაძლიერებაზე უთითებენ. იმ პირობებში, როდესაც ეს საკითხი უსაფრთხოებისა და პოლიტიკის გლობალური საკითხია, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას უფრო ძირიეული მექანიზმები სჭირდება.  

ამასთან, პარტიების უდიდესი ნაწილი მიუთითებს ჟენევის არსებული ფორმატის შენარჩუნებაზე, თუმცა, ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ფორმატს არსებითი გაძლიერება სჭირდება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ვერ ახერხებს. ამ კუთხით შეიძლება ვახსენოთ ბოლო წლებში მიმოსვლის რეჟიმის გამკაცრება, ჩაკეტვა და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისები.  . პარტიები საუბრობენ ამ ფორმატის შენარჩუნებაზე, თუმცა არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ეს ფორმატი უფრო ეფექტური, პოლიტიკურად ქმედითი და უფრო მაღალ დონეზე წარმოდგენილი.  

ამასთან, პროგრამებში არ არის წარმოდგენილი ხედვები, როგორ შეიძლება ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების საკითხები გაუმჯობესდეს საერთაშორისო აქტორების დახმარებით და რა მოდელების გამოყენება შეგვიძლია ამ კუთხით. 

90-იანი წლების შემდგომი სამშვიდობო პოლიტიკაზე დაკვირვების ანალიზი აჩვენებს, რომ კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვაზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებული დისკურსი უფრო სუსტი და არაწამყვანი იყო. ბუნებრივი იყო, რომ ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და კონფლიქტის არსებით მოგვარებაზე მიმართულ ინიციატივებს ვაყენებთ და ამას ვითხოვდით საერთაშორისო ფორმატებისგან, თუმცა შესაძლოა, რომ ამ პროცესს სხვა პოლიტიკური თანმიმდევრობა სჭირდებოდა. უფრო ნაკლები აჩქარება და, პირველ რიგში, ადამიანის უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე და უფლებებზე ორიენტირება, რაც სხვადასხვა მხარეებს შორის ნდობას და კავშირებს უფრო შეინარჩუნებდა.   სამწუხაროდ, ეს ტენდენცია პოლიტიკური პარტიების პროგრამებში ასევე ჩანს. 

როდესაც ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემატიკაზეა საუბარი, მეტწილად დომინირებს გალის და ახალგორის პრობლემატიკა, რაც ბუნებრივია. ამ რეგიონებში მცხოვრებ ქართველებს შევიწროებისა და დევნის მძიმე გამოცდილება აქვთ და მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. თუმცა კონფლიქტის ტრანსფორმაციისთვის მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებების დაცვის ხედვა უფრო ფართო და ინკლუზიური იყოს და მოიცვას ამ რეგიონებში მცხოვრები სხვა ადამიანების და ჯგუფების, ვგულისხმობ აფხაზების, ოსებისა და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს, საჭიროებები, წუხილები და უფლებები. ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტებმა უნდა აჩვენონ აფხაზებსა და ოსებს, რომ სწორედ მათი, როგორც ადამიანების, სოციალური ჯგუფების დ საზოგდოების რეალური წუხილები, ბედი და ყოფა აინტერესებთ და ისინი მხოლოდ დაკარგული ტერიტორიები არ არიან. ამ ჰუმანისტური, ადამიანზე ორიენტირებული პერსპექტივის გაძლიერება და პოლიტიზება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი მგონია.  

ალბათ, ახალგორზე და გალზე აქცენტი უფრო იმიტომ არის, რომ აქ უფრო მეტად ირღვევა ადამიანების უფლებები. სხვა მხრივ, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანების ზრუნვის გამოსახატად და უფრო ფართო შეთავაზებებისთვის ორივე მხარე უნდა იყოს მზად და განცხადება განცხადებისთვის და შეთავაზება შეთვაზებისთვის დარჩება, სავარაუდოდ.

კი, ცხადია. გალსა და ახალგორში ადამიანები ყოველდღიური შევიწროების რეჟიმში ცხროვობენ. მათი უსაფრთხოება, კეთილდღეობა უფრო მყიფეა და ადგილი აქვს ეთნიკური დისკირმინაციის პრაქტიკებს. განსაკუთრებით, განათლების უფლებისა და კულტურული თვითყოფადობის დაცვის მიმართლებით. თუმცა de facto რეჟიმების სუსტი და კორუფციული ბუნება განაპირობებს იქ მცხოვრები ადამიანების უფლებების ხშირ დარღვევას ზოგადადაც. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ ბოლო თვეებში ცხინვალში ციხის კრიზისი და გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის საქმე, ადგილობრივი ჟურნალისტის, ირინა ქელეხსაევას დევნის საქმე. ჩვენ ყოველდღიურ პოლიტიკაში და საჯარო დისკუსიებში უნდა ვაჩვენებდეთ, რომ ვფიქრობთ და ვზრუნავთ მათ გამოწვევებზე. 

ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, ადამიანის უფლებათა მონიტორინგის, დაცვისა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის საერთაშორისო მექანიზმების შექმნის ადვოკატირება, ასევე, სტატუსნეიტრალური სხვადასხვა ორმხრივი ფორმატების შექმნა, სადაც საერთო სოციალურ და უფლებრივ საკითხებზე ვიმსჯელებდით და გადავჭრიდით. 

რატომ არ აკეთებს, თქვენი აზრით, ამას ხელისუფლება? პოლიტიკური ნების არქონის მიზეზით, თუ იმით, რომ უბრალოდ არ იციან, რა და როგორ უნდა გააკეთონ?

პირველ რიგში, მგონია, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა ვერ ბედავს, მიიღოს უფრო ქმედითი და ტრანსფორმაციული ნაბიჯები კონფლიქტის მოგვარების პროცესში.

ის შოვინიზმის, ისტორიის ეთნოცენტრისტული გაგების ტყვეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ ნდობის აღდგენისა და შერიგების მნიშვნელობის დეკლარირება ხდება და განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ ეს დისკურსი გაძლიერდა, ეს პოლიტიკა ძალიან ფრაგმენტული რჩება და მაინც მაქვს განცდა, რომ ის სრულად გაზიარებული პოლიტიკურ ელიტებში და საზოგადოებაში არ არის. სწორედ ამიტომ, მგონია, რომ არსებობს შიში პარტიების, რომ ამ მიმართულებებით უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება არ იყოს მიღებული საზოგადოების და პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან.  

ნდობის აღდგენისა და შერიგების პოლიტიკას მაღალი პოლიტიკური და დიპლომატიური ცოდნა სჭირდება. აშკარაა, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლებას სათანადო რესურსები არ აქვს მობილიზებული.  ამასთან, ამ საკითხის მიმართ სუსტი აკადემიური და პოლიტიკური ინტერესი ხელს არ უწყობს ახალ თაობაში კონფლიქტების მიმართულებით ახალი ექსპერტების, მკლევრებისა და დიპლიმატების რესურსის შექმნასაც. 

პოლიტიკური ელიტა მაინც საზოგადოებას უსმენს, პოტენციურ ამომრჩეველს. თქვენი აზრით, თავად საზოგადოება რისთვისაა მზად? სავარაუდოდ, ალბათ, ეს არის მიზეზი, თუ რატომ არ არის აქტუალური ეს საკითხები უფრო მეტად.

მე ვფიქრობ, ამას ისევ სისტემური მიზეზები აქვს და მხოლოდ საზოგადოებას არ უნდა დავაბრალოთ შოვინიზმი ან ეთნოცენტრიზმი. 

მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ტრანფორმაციაზე, ადამიანის უფლებებზე, ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე, სოლიდარობაზე დაფუძნებულ დისკურსებს ელიტები არ ქმნიან ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვახსოვს წინა ხელისუფლების დროს მკვეთრად მილიტარისტული რიტორიკა და პოლიტიკა, რომელმაც კიდევ უფრო გააღრმავა კონფლიქტური რეგიონების იზოლაცია. 

ამრიგად, ეს ისევ და ისევ პოლიტიკური ელიტების პრობლემაა. 

ამ კუთხით ასევე შეგვიძლია ვახსენოთ  განათლების პოლიტიკა. ისტორიის სახელმძღვანელოებსა თუ სხვა აკადემიურ ტექსტში საკმარისად არ არის და ან თითქმის არ არის რეპრეზენტირებული ეს რეგიონები. მათ შესახებ ცოდნა მხოლოდ სეპარატიზმის და ეთნოცენტრიზმის თვალით არის დანახული. ამასთან, შერიგებაზე და მშვიდობაზე მიმართული პარადიგმები თავად სახელმძღვანელოებშიც არ არის წარმოდგენილი. 

ამიტომაც ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ელიტების და ხელისუფლებების პრობლემაა, რომლებიც არ ფიქრობენ იმაზე, რომ საზოგადოებას ამ რეგიონებზე განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდეს. აქ შემოდის, ასევე, 90-იანი წლების და მანამდე ისტორიის კრიტიკული გადააზრების, ორმხრივი შეცდომების აღიარების საკითხები. ამას სერიოზული ანალიტიკური და აკადემიური მუშაობა და შერიგებაზე მიმართული იდეების კულტივირება სჭირდება. სამწუხაროდ, ეს სამუშაოები არც სახელმწიფოს და არც სამოქალაქო აქტორების მიერ სათანადოდ არ იწევა.  

ის, რომ პრიორიტეტები არ იცვლება, რა შეიძლება ამან მოიტანოს მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში?

კონსერვაცია და სტატუს-კვოს შენარჩუნება. პროცესები წინ არ წავა, რაც ნიშნავს იმას, რომ დავკარგავთ კონფლიქტების მოგვარების რესურსებს, რომლებიც ჯერ კიდევ გარკვეულწილად არსებობს. 

დროის გასვლა, ბუნებრივია, კავშირებს და საერთო ინტერესებს კიდევ უფრო მეტად დაასუსტებს და იზოლაციას გააღრმავებს. ამიტომაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო აჩქარებული და მობილიზებული უნდა ვიყოთ დღეს. მით უმეტეს, რომ საინტერესო იმპულსებს ვხედავთ, მაგალითად, აფხაზეთში.

რა თქმა უნდა, მე მაქვს იმედი, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კვალდაკლვალ ამ ხალხების ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური ინტერესი საქართველოს მიმართ გაიზრდება, თუმცა ამ იმედის თუ მოლოდინს სჭირდება კულტივირება, ახალი, უფრო გაბედული პოლიტიკური და სამოქალაქო ინიციატივები. გაბედულების რესურსი კი მშვიდობის, ჰუმანიზმის, სოლიდარობის იდეების და პრინციპების რწმენაშია. ჩვენ ტერიტორიებიდან- ადამიანზე, ტრავმიდან საერთო ტკივილის გაცნობიერებაზე, იერარქიებიდან -თანასწორობაზე, დაყოფიდან სოლიდარობის იდეებზე მიმართული პარადიგმები გვჭიდება. ამგვარი იდეებისგან კი ჩვენი პოლიტიკური ველი, სამწუხაროდ, ზოგადად არის დაცლილი. 

აფხაზი გულშემაკტივარი ConIfa-ს ჩემპიონატში აფხაზეთის ნაკრების გამარჯვებას ზეიმობს: სოხუმი, ფოტო: იბრაგიმ ჭკადუა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი