ახალი ამბები

გორთან ავარიის გამო ტრაილერის მძღოლი დააკავეს

30 ოქტომბერი, 2020 • 1412
გორთან ავარიის გამო ტრაილერის მძღოლი დააკავეს

გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ტრაილერის მძღოლი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ  თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრიც დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, გორთან ახლოს ავტოავარია გუშინ, 29 ოქტომბერს მოხდა.

როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, მიკროავტობუსის მგზავრები თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი