„ტვ პირველის“ მთავარი პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი დაემუქრა. როგორც მელაძემ ნეტგაზეთს უთხრა, ჩხარტიშვილმა მას მოსთხოვა, რომ მასთან დაკავშირებით რეპორტაჟების მომზადება შეეწყვიტა.
მელაძის თქმით, ჩხარტიშვილი 13 ოქტომბერს დაემუქრა, როდესაც ერთ-ერთი საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადებისას მასთან ფაქტების გადასამოწმებლად დარეკა. როგორც მელაძე ამბობს, ჩხარტიშვილმა პირადად შეხვედრა სთხოვა, რაზეც ტელეწამყვანისგან უარი მიიღო.
“ჟურნალისტური გამოძიებების ორი სერია გვქონდა მომზადებული. პირველი იყო “ოლიგარქები”, რომლის ფიგურანტიც იყო ვანო ჩხარტიშვილი და როდესაც ვამზადებდით მეორე სერიას, რომელიც ციხის კადრების პროექტის დაფინანსებაში ვანო ჩხარტიშვილის თანამონაწილეობას ეხებოდა, მაშინ ჩვენ დავურეკეთ ვანო ჩხარტიშვილს და ვაზუსტებდით მასთან გარკვეულ დეტალებს. ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, რომ მას სახლში პირადი მიღება ჰქონდა, რომელსაც ესწრებოდნენ სუს-ის მაღალჩინოსენები, სუს-ის პირველი პირი, შს მინისტრი და ა.შ. ჩვენ გვქონდა ეს ინფორმაცია და გარკვეული მტკიცებულებები და ამ ამბავს ვაზუსტებდით.
მაშინ პირველი სერია უკვე გასული იყო ამ “ოლიგარქების” და ვანო ჩხარტიშვილმა მთხოვა, რომ იქნებ შევხვდეთ, დავილაპარაკოთ და რაღაცები გავიაროთო. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე იყო უარი. მე ვუთხარი, რომ თუ რამის თქმა უნდოდა, მას შეეძლო ტელეფონით ეთქვა. შემდეგ წამოვიდა მუქარა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ სიუჟეტები საჯარო მოხელეებზე და მასზე რატომ ვაკეთებთ და არ გვაქვს უფლება, რომ გავასაჯაროოთ მისი პერსონა და მის პერსონასთან დაკავშირებული გარკვეული მოვლენები, რომელიც მის გარშემო ხდება და შეგვიძლია, ველაპარაკოთ და ვაშანტაჟოთ ხელისუფლება.
იმდენად ანერვიულებული იყო და იმდენად აგრესიული ტონალობა ჰქონდა, ვუთხარი, რომ ამ ტონში შეიძლებოდა ესაუბრა მის მიერ კონტროლირებადი მედიის წარმომადგენლებთან, ვისთანაც მიჩვეული არის, როდესაც კომუნიცირებს ხოლმე”, — ჰყვება მელაძე.
მელაძის თქმით, ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში “ტვ პირველის” დამფუძნებლის მამას, ავთანდილ წერეთელს ლისის ტბაზე დახვდნენ და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, თუ არხი სარედაქციო პოლიტიკას არ შეცვლიდა.
კითხვაზე, რატომ ფიქრობს, რომ ამ ორ შემთხვევას შორის კავშირი არსებობს, მელაძე გვპასუხობს.
“ტელევიზიის დამფუძნებლის მამას შეიძლება ტელევიზიის ყველა თანამშრომელი არ იცნობდეს ვინ არის, იმიტომ, რომ ტელევიზიის მუშაობასთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს იყო განზრახ შეცნობით გაკეთებული ჩასაფრების აქტი, იმიტომ, რომ ქუჩაში რიგითი გამვლელი შეიძლება მოვიდეს და ჩვენთან, ჟურნალისტთან გამოხატოს თავის რაღაც დამოკიდებულება, იმიტომ, რომ გვცნობს ეკრანზე. მაგრამ ის, რომ მას[ავთანდილ წერეთელს] ტელევიზიასთან რამე შემხებლობა გააჩნია, ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, ვინც დაინტერესებულია, რომ ტელევიზიის მფლობელის მამაა”.
როგორც ნოდარ მელაძემ გვითხრა, ჩხარტიშვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი აქვს, თუმცა არ აპირებს, რომ პროკურატურას მიმართოს, რადგან “აზრი არ აქვს”.
“მიჩვეულები ვართ, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული მსგავსი პირები უამრავჯერ გვემუქრებიან, ნებისმიერი რეპორტაჟის გაკეთების დროს, მაგრამ რა აზრი აქვს, რომ მიაწოდო? დღეს ირაკლი კობახიძემ საჯარო სივრცეში გააკეთა განცხადება, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები აქვს დარღვეული და უკანონო მიყურადება და თვალთვალი მიმდინარეობს თურმე ჟურნალისტებზე. საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადება პროკურატურის მიმართ გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს, მაგრამ დაიწყეს რამე გამოძიება? — რა თქმა უნდა, არა”, — აცხადებს ნოდარ მელაძე.
აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ვანო ჩხარტიშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარი წერილობით მოგვაწოდა. მან მელაძის განცხადებას “ცრუ ბრალდებები” უწოდა და აღნიშნა, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
“ეტყობა, ბატონი მელაძისთვის ჟურნალისტური სტანდარტების დაცვის მოთხოვნა მუქარაა. არ გვიკვირს, რადგან თხოვნაზე, წარმოეჩინათ ჩვენი პოზიციები, პასუხი ყოველთვის იყო უსაფუძვლო ბრალდებები და ცილისწამება, რაც ჩვენი მხრიდან აუცილებლად გახდება სამართლებრივი რეაგირების საგანი”, — განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.