ახალი ამბები

შაშკინი: “ოცნება” ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის ოლქში ეთნიკურ შუღლს აღვივებს

29 ოქტომბერი, 2020 • 1368
შაშკინი: “ოცნება” ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის ოლქში ეთნიკურ შუღლს აღვივებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, “ქართული ოცნება” მუნიციპალიტეტის ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ მოსახლეობაში ეთნიკურ შუღლს აღვივებს.

კერძოდ, მისი თქმით, “ქართული ოცნების” აქტივისტები “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატ კახა ოქრიაშვილზე ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობაში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს ოქრიაშვილი წარმოშობით სომეხია და ყარაბაღის კომფლიქტში სომხურ მხარეს აფინანსებს, ეთნიკურად სომეხ მოსახლეობაში კი ბუკლეტებს არიგებენ, სადაც ნათქვამია, რომ ოქრიაშვილი ნახევრად აზერბაიჯანელია და ომშიც ამ მხარეს უწევს სპონსორობას.

“ბოლნისი- დმანისი-თეთრიწყარო-წალკის ოლქში “ქართული ოცნების” მხრიდან ძალადობის ფაქტებს გუშინ დაემატა ახალი ძალიან ამაზრზენი ფაქტი. კერძოდ, გუშინ “ქართული ოცნების” აქტივისტები ეთნიკურად აზერბაიჯანულ სოფლებში არიგებდნენ ბროშურებს, პროკლამაციებს, სადაც აღვივებდნენ ეთნიკურ შუღლს, აზერბაიჯანელებს უმტკიცებდნენ, რომ კახა ოქრიაშვილი აფინანსებს სომხეთს და არის სომეხი და ეთნიკურად სომხურ სოფლებში არიგებდნენ პროკლამაციებს, რომ კახა არის ნახევრად აზერბაიჯანელი.

როგორც ჩანს, ამ ხალხს არაფერი არ დარჩა სხვა, ვიდრე ასეთი ეთნიკური შუღლის გაღრმავება იმიტომ, რომ ცდილობენ ყარაბაღის ომი გამოიყენონ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის” ,- ამბობს დიმიტრი შაშკინი “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია და მხოლოდ “ქართული ოცნებაა”, მისი თქმით, ასეთ ბინძურ კამპანიაზე წამსვლელი:

“კახა ოქრიაშვილმა გასცა პასუხი და თქვა, რომ იყოს სომეხი, იამაყებდა, რომ იყოს აზერბაიჯანელი – იამაყებდა, მაგრამ არის ქართველი და ამით ამაყობს. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ეთნიკური წარმომავლობა არანაირ როლს არ თამაშობს და ყველა თანაბრად საქართველოს მოქალაქეა. მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნების” ავადმყოფურ ფსიქიკაში შეიძ;ება დაბადებულიყო ასეთი ბინძური კამპანია”, – ამბობს შაშკინი ნეტგაზეთთან.

აღნიშნულ საკითხზე ტელეკომპანია “პირველს” ესაუბრა თავად კახა ოქრიაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ ეთნიკური სომეხი ან აზერბაიჯანელი რომ იყოს, ამით იამაყებდა და შესაბამის გვარსაც ატარებდა. ამ კამპანიის დაგეგმვაში კი ირაკლი კობახიძე და ლაშა ნაცვლიშვილი დაადანაშაულა:

“აზერბაიჯანელებში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მე ვარ სომეხი ოსკანიანი და სომხეთის თავდაცვის სამინისტროს გადავურიცხე დიდძალი ფული. ხოლო წალკაში მცხოვრებ სომხებში მიდის საუბარი, რომ მე ვარ სანახევროდ აზერბაიჯანელი. ასეთი ბინძური მეთოდებით გვებრძვიან ჩვენ.

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სომხებს და აზერბაიჯანელებს, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. სომეხი რომ ვიყო, ვიამაყებდი ამით და სომხური გვარი მექნებოდა, აზერბაიჯანელი რომ ვიყო, ვიამაყებდი ამით და აზერბაიჯანული გვარი მექნებოდა. ასეთ რაღაცებს კადრულობენ. ამას ყვეალფერს გეგმავს ლაშა ნაცვლიშვილი და ირაკლი კობახიძე” ,- ამბობს ოქრიაშვილი ტელეკომპანია “პირველთან”.

“ნეტგაზეთი” ბრალდებებზე საპასუხოდ დაუკავშირდა “ქართულ ოცნებასაც”. პარტიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ თუ ამ საკითხის კომენტირებას გადაწყვეტენ, დაგვიკავშირდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი