ახალი ამბები

დეკანოიძე უარყოფს მდინარაძის ინფორმაციას, რომ არჩევნების დღეს აქციას გეგმავენ

28 ოქტომბერი, 2020 • 1152
დეკანოიძე უარყოფს მდინარაძის ინფორმაციას, რომ არჩევნების დღეს აქციას გეგმავენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ფართომასშტაბიანი აქცია 29 ოქტომბერს აქვთ დაგეგმილი და 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს, ამ ეტაპზე აქციის გამართვას არ გეგმავენ.

აღნიშნული ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “ნეტგაზეთს” მას შემდეგ განუცხადა, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადების საპასუხოდ დავუკავშირდით.

მდინარაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მერიაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განაცხადია შესული 29-31 ოქტომბერს თბილისში, პარლამენტის წინ აქციის გამართვის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” დედაქალაქის მერიაში დაუდასტურეს, თუმცა დოკუმენტის გამოგზავნაზე უარი გვითხრეს.

მდინარაძე ამბობს, რომ დოკუმენტის მიხედვით, ენმ აქციის გამართვას 31 ოქტომბერს, 12 საათიდან გეგმავს, იმ დროს, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცედურები უნდა მიმდინარეობდეს:

“მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთ მავნებლობაზე, რომელიც არჩევნების ნაცვლად აქციების და არეულობისთვის ემზადება. ჩვენი ინფორმაციით, [თბილისის] მერიაში შესულია წერილი, რომ ისინი არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12 საათიდან იკრიბებიან. როგორც ჩანს, სრული რესურსის მობილიზებას არასაარჩევნო მიმართულებით ახდენენ და მრავალათასიან აქციას აანონსებენ.

ეს ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა სასოწრაკვეთის პირასაა და დემოკრატიულ არჩევნებში წარმატების შანსი არ გააჩნიათ. შესაბამსიად, როცა პარტიები და მთელი მოსახლეობა ხმის მიცემის პროცესში იქნება ჩართული, “ნაციონალური მოძრაობა” ხმების პარალელური დათვლის მონაცმების დაცვის აბსურდული საბაბით ფსონს სიტუაციის რადიკალიზაციაზე აკეთებს და სრული რესურსით ქვეყნის მთავარ გამზირზე იკრიბება”, – ამბობს მდინარაძე.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ერთადერთი აქცია, რომელსაც ენმ გეგმავს, 29 ოქტომბერს, 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება. დეკანოიძის თქმით, მერიისთვისაც მხოლოდ 29 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით აქვთ მიმართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი