ახალი ამბები

ოპოზიცია “ოცნებას” ამომრჩევლის სურსათით მოსყიდვაში ადანაშაულებს

28 ოქტომბერი, 2020 • 1000
ოპოზიცია “ოცნებას” ამომრჩევლის სურსათით მოსყიდვაში ადანაშაულებს

გურიაში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის სურსათით მოსყიდვაში ადანაშაულებს.

გოგორიშვილის ინფორმაციით, გუშინ, 27 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” შტაბები სურსათის ტომრებით გაივსო და ხელისუფლება ამ პროდუქტების მოსახლეობისთვის დარიგებას გეგმავს. გოგორიშვილი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, შეწყვიტოს პროდუქტის დარიგება და ახსენებს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულია, შესაბამისად, ამ პროცესში ჩართულ ადამიანებს პასუხისგება მოუწევთ.

„გუშინ, ღამე, ოზურგეთის სარიტუალო დარბაზის შენობაში ტომრებით შეიტანეს სურსათ-სანოვაგე. ეს არ არის გამონაკლისი, ოცნების შტაბები და სხვადასხვა შენობა გუშინ ღამე მსგავსი ტომრებით გაივსო იმისთვის, რომ დაიწყოს მოსყიდვა და ამომრჩევლისთვის დარიგება.

აღნიშნული სარიტუალო სახლის დირექტორმა ნათია ღლონტმა განაცხადა, რომ ეს პროდუქტი განსაზღვრულია საბავშვო ბაღებისთვის და დღეს დილიდან საბავშვო ბაღები თავის კუთვნილ სანოვაგეს წაიღებენ. მას შემდეგ, რაც დავუკავშრიდით ოზურგეთში ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, მაკა ჭყონიას, მან განაცხადა, რომ ბაღებს აღნიშნულ სურსათთან არ აქვს შეხება და საერთოდ წარმოადგენა არ აქვს, რაზეა საუბარი. როგორც ყველაფერში, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამაშიც უნიათოები არიან და ერთმანეთში მესიჯების შეთანხმებასაც ვერ ახერხებენ “, – აცხადებს გოგორიშვილი.

შესაძლო მოსყიდის ფაქტზე “ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნს, ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, რომელმაც თქვა, რომ  ოპოზიციამ უნდა დაასახელოს, კონკრეტულად ვის და რა დაურიგა წინასარჩევნოდ, რასაც ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება:

“მოიტანონ ფაქტები, ვინ როგორ გააკეთა და ვის დაურიგა…. შესაბამისად, გვექნება რეაგირება, თუ ასეთი ფაქტი არსებობს.”

დღეს, 28 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გოგორიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, გამგეობისა და მერიის თანამშრომლები არჩევნებზე იდგებიან არასამთავრობო ორგანიზაციების ბეიჯებით და წინასწარ დაშინებულ ადამიანებს აიძულებენ, რომ კაბინიდან გამოსვლისას მათ დაანახონ ბიულეტენი, ნამდვილად შემოხაზეს თუ არა “ქართული ოცნება”.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი საუბნო კომისიის წევრებს აფრთხილებს, რომ პარტიას ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მკაცრი რეაგირება ექნება. მეტიც, თუ ფარულობის დარღვევის ფაქტები მასობრივად გამოვლინდა, შესაძლოა საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებაც მოითხოვონ.

ჟურნალისტებმა დღევანდელი ბრიფინგზე კობახიძეს ამ საკითხზეც დაუსვეს კითხვა, რაზეც მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა კვლავ გაიმეორა, რომ მსგავსი ბრალდებებისთვის აუცილებელია, ოპოზიციამ ფაქტებით ისაუბროს.

“თუ ვინმეს აქვს განზრახვა, რომ ამომრჩეველს სურსათი დაურიგოს, ეს კანონსაწინააღმდეგო მოვლენაა და თუ ფაქტებს მოგვიტანთ, უმკაცრესი რეაგირება გვექნება, რადგან ეს აზიანებს საარჩევნო გარემოს და ასეთი რამ დააზიანებს “ქართულ ოცნებას”, – აცხადებს კობახიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი