ახალი ამბები

ვითხოვთ, გამოძიება წარიმართოს მკვლელობის მუხლით – HRIDC ბაჩალიაშვილზე

27 ოქტომბერი, 2020 • 938
ვითხოვთ, გამოძიება წარიმართოს მკვლელობის მუხლით – HRIDC ბაჩალიაშვილზე

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი [HRIDC] პროკურატურისგან ითხოვს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მუხლი გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით წარიმართოს.

განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია ავრცელებს, ნათქვამია, რომ გამოძიების მიმდინარეობისას რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა და საკითხი გამოიკვეთა, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს ბაჩალიაშვილის მკვლელობაზე.

თუმცა, მათივე შეფასებით, საგამოძიებო ორგანო ჯეროვნად საქმეს არ სწავლობს.

„ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. საქართველოს პროკურატურა, ცხედრის აღმოჩენის დღიდან (2020 წ. 22 ივლისი), მიზანმიმართულად ცდილობს შექმნას საზოგადოებრივი აზრი, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაცია ამ საქმეში 7 სექტემბრიდანაა ჩართული.

ორგანიზაცია ამავე განცხადებაში იმ გარემოებებზე წერს, რომელიც ჯერჯერობით გამოძიების მიერ პასუხგაუცემელია. განცხადებაში ვკითულობთ:

„თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან იგი ავტომანქანით გავიდა. ოთხი დღის შემდეგ – 2020 წლის 22 ივლისს კი მისი ცხედარი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანთან, გზის პირას, ავტომანქანის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გამოძიება კვლავ უპასუხოდ ტოვებს კითხვას, თუ რატომ დასჭირდა თამარ ბაჩალიაშვილს თვითმკვლელობის სისრულეში მოსაყვანად ასეთი გრძელი მარშრუტის გავლა და, ამავე დროს, მოწმეების ჩვენებების გათვალისწინებით, რატომ ცდილობდა იგი კონკრეტული ლოკაციის პოვნას. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოება: 2020 წლის 18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი სახლიდან (ფონიჭალის დასახლებიდან) კუთვნილი ავტომობილით გავიდა დაახლოებით 10:15 საათზე.

მალევე შევიდა იმავე დასახლებაში მდებარე ბებიის სახლში, საიდანაც 10 წუთში გამოვიდა და გზა გააგრძელა ქალაქ რუსთავის გზის მიმართულებით. ბებიის სახლი, სადაც თამარი 10 წუთით გაჩერდა, იყო დაკეტილი, რადგან ბებია კარანტინში იმყოფებოდა. სახლის გასაღები თამარს ჰქონდა და მან იცოდა, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მეპატრონე სახლში არ დაბრუნდებოდა. მიუხედავად ამისა, გამოძიების ვერსიით, იგი თვითმკვლელობისთვის მარნეულის მიმართულებით გადაადგილდა, რისთვისაც დაახლოებით 70 კილომეტრი გაიარა. ბაჩალიაშვილის მიერ გავლილი მარშრუტით რჩება შთაბეჭდილება, რომ იგი კონკრეტული ლოკაციისკენ მიემგზავრებოდა და თან ამ ლოკაციას გზადაგზა ეძებდა. ამ მიზნით შევიდა იგი სოფელ გოლთეთში, სადაც მოწმეები აცხადებენ, რომ იგი სოფლიდან გასასვლელ სხვა გზას ეძებდა.

თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა ოთხი დღის განმავლობაში ვერ იპოვეს.

საგამოძიებო ორგანო ირწმუნება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 2020 წლის 18 ივლისიდან 22 ივლისამდე, ოთხი დღის განმავლობაში იდგა მისი აღმოჩენის ადგილზე – გოლთეთის შემდგომ მდებარე სოფელ მაწევანში, საავტომობილო გზიდან დაახლოებით 65 მეტრის მოშორებით. ასევე, გამოძიება ამტკიცებს, რომ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის სამძებრო სამუშაოები, მათ შორის – იმ ადგილებში, სადაც საბოლოოდ მანქანა იპოვეს. მანქანას ეძებდნენ ასევე ბაჩალიაშვილის ახლობლები და ჟურნალისტები. საქმის მასალების მიხედვით, საბოლოოდ მანქანა მწყემსმა აღმოაჩინა.

გაუჩინარებული ბაჩალიაშვილის მანქანას დრონების საშუალებითაც ეძებდნენ. ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ დრონების საძიებო არეალში ის ადგილი არ მოხვდა, სადაც 22 ივლისს მანქანა აღმოაჩინეს.

პოლიციას თავიდანვე ჰქონდა ინფორმაცია იმ მოწმეებიდან, რომლებმაც ბოლოს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა ნახეს სოფელ გოლთეთში, რომელიც მდებარეობს მანქანის პოვნის ადგილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში. ამიტომ, ასევე, საეჭვოა ის ფაქტი, რომ დრონებით მაწევნის ტერიტორიაზე ძებნა არ ჩატარებულა.

უცნობია, გამომძიებლები გაუჩინარების შესახებ ცნობის მიღების შემდეგ ბაჩალიაშვილის ადგილსამყოფელს რატომ არ ეძებდნენ მისი მობილური ტელეფონის მეშვეობით, რასაც პოლიციის თანამშრომლები, ჩვეულებრივ, მობილური ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაშიც კი აკეთებენ. გამოძიების ვერსიით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტელეფონი გამორთული და გაფუჭებული აღმოჩნდა. მათივე მტკიცებით, შესაძლოა, ტელეფონი გვამურ სითხეს დაეზიანებინა, მაგრამ მსგავსი სითხე ტელეფონზე შეუძლებელია სიკვიდილის დადგომისთანავე აღმოჩენილიყო.

დღემდე გამოძიების მხრიდან პასუხი არ გასცემია კითხვას, თუ როგორ აღმოჩნდა დახურულ მანქანაში უამრავი მკვდარი ბუზი.

საგამოძიებო მასალების თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა ჩაკეტილი იყო და ოთხივე მინა ბოლომდე აწეული ჰქონდა. ამავდროულად, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, მანქანის დახურულ სალონში აღმოჩნდა უამრავი მკვდარი ბუზი, გამოძიების თავდაპირველი ვერსიით – ე.წ. „ლეშის ბუზები“. მათი არსებობა გვამის გახრწნის პროცესში არაფრით იქნებოდა უჩვეულო, რომ არა მანქანის საქარე მინების სრულად დახურულ მდგომარეობაში ყოფნა.

ეს გარემოება მიანიშნებს იმაზე, რომ გვამი, შესაძლოა, მანქანაში მოთავსებამდე ყოფილიყო ღია სივრცეში, სადაც ხრწნის პროცესთან ერთად მსგავსი მწერების ყოფნაც ბუნებრივი მოვლენაა. შესაბამისად, ამ საეჭვო გარემოებით, კიდევ უფრო მყარდება ის ეჭვი, რომ ბაჩალიაშვილის გვამი მოგვიანებით მოათავსეს მანქანაში და მიიტანეს შემთხვევის ადგილზე. ადგილზე აღმოჩენილი ყველა ბუზი იყო მკვდარი.

მანქანაში ეს ბუზები თავისთავად ვერ გაჩნდებოდნენ. დიდი ალბათობით მათ მანქანაში გარედან შეაღწიეს. შესაბამისად, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, თუ როგორ მოხვდა ბუზები მანქანის დახურულ სალონში. ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ მსგავსი ბუზების არსებობა ხრწნის პროცესს უკავშირდება. შესაბამისად, ცოცხალი ადამიანის დახურულ მანქანაში, თვითმკვლელობამდე, მათი გაჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა.

გამოძიებას ეს კითხვა არც კი დაუსვამს. თუმცა, ადამიანის უფლებათა ცენტრის ჩართვის შემდგომ, იძულებული გახდა, დამატებითი ექსპერტიზა ჩაეტარებინა, რომლის შედეგებიც დღემდე უცნობია.

სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ შეძლო სატელიტური თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების მოპოვება.

სახელმწიფომ დღემდე ვერ მოიპოვა სატელიტური თანამგზავრის ფოტოები, რითაც დადასტურდებოდა ის ფაქტი, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მისი გაუჩინარების დღიდან ოთხი დღის განმავლობაში იდგა იმ ტერიტორიაზე, სანამ იგი არ იპოვეს. დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატისთვის, მიხეილ რამიშვილისთვის „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის“ ხელმძღვანელის, დავით ფურხცხვანიძის მიერ მიწოდებული სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გაყალბებული აღმოჩნდა, რის გამოც პროკურატურამ დავით ფურცხვანიძე დააკავა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და სხვის კომპიუტერში უკანონოდ შეღწევის ბრალდება წაუყენა.

ამავე დროს, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით გამოძიების დაწყების, ფურცხვანიძის დაკავებისა და ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მოწმის სახით სასამართლოში დაკითხვის შეუთავსებლობა მოქმედ კანონმდებლობასთან სამართლიანად უნდა შეფასდეს, როგორც პროკურატურის მიერ ძალის დემონსტრირება და დაზარალებულის ოჯახსა და მათ ადვოკატებზე ზეწოლა.

თავის მხრივ, პროკურატურა აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში, მისი მანქანის აღმოჩენის ადგილის სატელიტით გადაღებული ფოტოების მოძიების მიზნით, მიმართა პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის შესაბამის სამსახურებს, ევროპოლს,  ასევე  კომპანიებს:  Land info, Digital globe, Skywatch, L3harris technologies, Eosda, Geocento limited, Orbit logic incorporated, Imagesatintl, Slingshotaerospace, Planet.com, European space imaging, Astro digital, ISI, Satellogic, Ursa space imaging, The European space agency, Landviwer, Spymesat, Airbus, Siis. პროკურატურა აცხადებს, რომ აშშ-ის შესაბამისი სამსახურების, ევროპოლის და კომპანიების ნაწილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ არ გააჩნიათ  გამოძიებისთვის საინტერესო დროის მონაკვეთში ხსენებული ტერიტორიის  სატელიტით გადაღებული ფოტოები,“.

გარდა ამ გარემოებებისა, ორგანიზაცია ამბობს, რომ ჯერჯერობით მოწმის სახით არ დაუკითხავთ ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც საქმის გარემოებებზე მიუთითებს. მათივე თქმით, გამოძიებამ საგამოძიებო ექსპერიმენტის სახით არ შეისწავლა ალტერნატიული გზა, რომელიც სოფელ გოლთეთსა და ვილა „ალგეთს“ ერთმანეთს აკავშირებს.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოებად ორგანიზაცია მიიჩნევს იმასაც, რომ შემთხვევის დღეს თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების პროკურატურისეული ვერსია არ ემთხვევა საქმეში არსებული არაერთი მოწმის ჩვენებას.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში 4 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შესახებ. აღნიშნულის მიხედვით, როგორც პროკურატურა აცხადებს, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩენილი მედიკამენტების დოზა ასეულობით აღემატება ლეტალურ მაჩვენებლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი