რუსთავში დღეს, 26 ოქტომბერს, მოულოდნელად გარდაცვლილი 21 წლის მამაკაცი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული იყო და კოვიდსასტუმროდან გუშინ, 25 ოქტომბერს გამოწერეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“3 ოქტომბერს ის საკარანტინო სივრცეში მოთავსდა კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო. საკარანტინე პერიოდის გასვლის შემდეგ მას ჩაუტარდა PCR ტესტი და დაუდგინდა კოვიდინფექცია. შემდეგ, სასტუმრო საკარანტინე სივრცეში მასზე მეთვალყურეობა განაგრძო ექიმმა და პროტოკოლით განსაზღრული ვადის გასვლის შემდგომ ის გაწერეს 25 ოქტომბერს. შესაბამისად, მინდა ხაზი გავუსვა ცალსახად, რომ აღნიშნული პირი იყო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული. მისი დაკრძალვა არ მოხდება კოვიდით გარდაცვლილი პირის შესაბამისად”, – განაცხადა გოგიტიძემ.
გოგიტიძის თქმით, 21 წლის კაცი გაწერამდე ექიმმა შეამოწმა და თავს კარგად გრძნობდა, არ აღენიშნებოდა რაიმე სიმპტომი ან ჩივილი. გოგიტიძის თქმით, მან ექიმს ვადაზე ადრე გაწერის თხოვნით მანამდეც რამდენჯერმე მიმართა.
ამასთან, გოგიტიძის განცხადებით, 21 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზად ამ ეტაპზე გულის უეცარი გაჩერებაა მიჩნეული, თუმცა ამასთან დაკავშირებით დამატებით მოკვლევა გრძელდება.
ჟურნალისტის კითხვაზე, დააგვიანა თუ არა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, გოგიტიძემ უპასუხა, რომ ეკიპაჟი ადგილზე დროულად მივიდა.