ახალი ამბები

სამწუხაროა, რომ ამ საკითხის ორგანიზება არჩევნების ბოლო დღეებში მოხდა – ლომჯარია თვითიზოლაციიდან ხმის მიცემაზე

26 ოქტომბერი, 2020 •
სამწუხაროა, რომ ამ საკითხის ორგანიზება არჩევნების ბოლო დღეებში მოხდა – ლომჯარია თვითიზოლაციიდან ხმის მიცემაზე

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის არჩევნებზე გადასატანი ყუთით სარგებლობისთვის დაწესებული შეზღუდვები ქმნის რისკს, რომ მოქალაქეების ნაწილი ხმის მიცემის შესაძლებლობას დაკარგავს, ან უბანზე გამოცხადების შემთხვევაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს შექმნის. ამის შესახებ ლომჯარიამ საკუთარი ფეისბუკ-გვერდზე დაწერა.

“სამწუხაროდ, დღეს მრავალი ათასი ადამიანი შეიძლება იყოს თვითიზოლაციაში ინფიცირებულთან კონტაქტის გამო ისე, რომ აღნიშნული არ იყოს ოფიციალურად აღრიცხული ჯანდაცვის სისტემის მიერ, ვინაიდან კონტაქტები უკვე აღარ კონტროლდება და ადამიანები პირადი პასუხისმგებლობით გადადიან თვითიზოლაციებში.

ეს კატეგორია ჩვენი მოქალაქეებისა ან დაკარგავენ ხმის მიცემის შესაძლებლობას, ან დატოვებენ თვითიზოლაციის ადგილებს, გამოცხადდებიან უბნებზე და შექმნიან დამატებით საფრთხეს.

სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების სათანადოდ გადაწყვეტა, ორგანიზება და მოგვარება არჩევნების ბოლო დღეებში მოხდა. დღეს არც დროა და არც საშუალება, ყველა მოქალაქემდე მივიტანოთ ინფორმაცია, რამდენ უწყებაში და სად უნდა დარეკოს მოქალაქემ, რომ არჩევნებში უსაფრთოდ მონაწილეობა შეძლოს”, – განაცხადა ლომჯარიამ.

ცესკოს 19 ოქტომბერს გამოცემული დადგენილების თანახმად, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნების დღეს გადასატანი ყუთით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი 24 ოქტომბრიდან, 26 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე დარეკავენ ცესკოს ცხელ ხაზზე (+995 32 251-00-51; შიდა ნომერი „0“). ამასთან, გადასატანი ყუთით სარგებლობისთვის მათი მონაცემები უნდა დაემთხვეს მთავრობის მიერ გადაცემულ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების სიას.

ცესკომ გუშინ, 16:30 საათისთვის გაავრცელა ინფორმაცია, რომ 25 ოქტომბრის მონაცემებით გადასატანი ყუთით სარგებლობისთვის მათთან 900-მდე ზარი შევიდა, თუმცა “გარკვეული რაოდენობის ზარები არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს”. ამასთან აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინდელი მონაცემებით თვითიზოლაციაში 26 533 ადამიანი იმყოფებოდა.

გაიგეთ მეტი:

როგორ მისცემენ ხმას კოვიდ-პაციენტები და თვითიზოლაციაში მყოფები

მასალების გადაბეჭდვის წესი