ნეტგაზეთი | Covid-19-ის გამო ესპანეთში საგანგებო მდომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადეს Covid-19-ის გამო ესპანეთში საგანგებო მდომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადეს – Netgazeti
RU | GE  

Covid-19-ის გამო ესპანეთში საგანგებო მდომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადეს

კორონავირუსის ახალ ტალღასთან გასამკლავებლად ესპანეთმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ღამის საათებში კი კომენდანტის საათი დააწესა. ქვეყნის პრემიერის, პედრო სანჩესის განცხადებით, კომენდანტის საათი 25 ოქტომბრიდან, ღამის თერთმეტი საათიდან დილის ექვს საათამდე იმოქმედებს. ამას გარდა, ადგილობრივი ხელისუფლებების გადაწყვეტილებით, ქვეყნის რეგიონებს შორის მიმოსვლა აიკრძალა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პარლამენტს თხოვნით მიმართავენ, შეზღუდვები 6 თვემდე გახანგრძლივდეს. სანჩესის თქმითვე, თითოეულ რეგიონს ექნება შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს კომენდანტის საათის ხანგრძლივობა, თუ დაწესებულ დროში ცვლილების შეტანა ენდომება. შეზღუდვები ასევე დაწესდა კერძო და საჯარო შეხვედრებში მონაწილეთა რაოდენობაზე.

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს მიაღწია, გარდაიცვალა 35 ათასი ადამიანი.

როგორც BBC წერს, ესპანეთს პანდემიის პირველმა ტალღამ საკმაოდ მძიმედ დაარტყა, შედეგად, ქვეყანაში წლის დასაწყისში მძიმე ლოქდაუნი გამოაცხადეს. ახლა, როგორც ევროპის მრავალ ქვეყანაში, ესპანეთში პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო.

გარდა ამისა, შემთხვევებმა მოიმატა იტალიაში, რის გამოც ახალი შეზღუდვების დაწესებაზე უკვე განაცხადეს. მიმდინარე კვირიდან იტალიაში დაიხურა საცურაო აუზები, კინოთეატრები და სპორტდარბაზები. ბარები და რესტორნები კი ადგილზე მოქალაქეებს მხოლოდ ექვს საათამდე მოემსახურებიან, თუმცა მაღაზიები და ბიზნესსაქმიანობის დიდი ნაწილი მუშაობას აგრძელებს.

25 ოქტომბერს იტალიაში კორონავირუსის 28 ათასი შემთხვევა გამოვლინდა და 128 ადამიანი გარდაიცვალა. საფრანგეთმაც ინფექციის დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლის შესახებ განაცხადა, სადაც ერთ დღეში კორონავირუსის 52 ათასი შემთხვევა აღრიცხეს.

რაც შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს, ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 19 790 ახალი შემთხვევა გამოავლინეს, ჩეხეთში- 12 472 , ხოლო ნიდერლანდებში- 10 203.

მთავარი ფოტო: კომენდატის საათი ესპანეთში/EPA-EFE/ENRIC FONTCUBERTA

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.