ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალი ზავი ყარაბაღის ომში | შუამავალი ამჯერად აშშ-ია

26 ოქტომბერი, 2020 • 1055
ახალი ზავი ყარაბაღის ომში | შუამავალი ამჯერად აშშ-ია

ამერიკის შეერთებული შტატების, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივი განცხადების მიხედვით, 26 ოქტომბრიდან ახალი ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება. ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს 

“სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი 24 ოქტომბერს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს სტეფან ბიეგუნს შეხვდნენ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მზადყოფნა შეასრულონ და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც მიაღწიეს მოსკოვში 10 ოქტომბერს და რომელიც თანხვედრაში იყო პირველ ოქტომბერს ამერიკის, საფრანგეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებასთან.” – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

მხარეების განცხადებით, ახალი ჰუმანიტარული ზავი 26 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება.

“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრებსა [სომხეთისა და აზერბაიჯანის] და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანა-თავმჯდომარეებს შორის, რათა დაეახლოვებინა სომხეთი და აზერბაიჯანი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტასთან.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


მთიან ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის განახლების შემდეგ ეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რიგით მესამე ჰუმანიტარული ზავია. პირველი შეთანხმება 10 ოქტომბერს მოსკოვში სერგეი ლავროვის მიწვევით მყოფ სომეხ და აზერბაიჯანელ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ შედგა. მეორე შეთანხმება უკვე ერთი კვირის შემდეგ 17 ოქტომბრის 00:00 საათიდან უნდა ამოქმედდებულიყო, თუმცა ორივე შემთხვევაში მხარეებმა განაცხადეს, რომ ჰუმანიტარულ ზავს ცალმხრივად იცავდნენ, ხოლო მოწინააღმდეგე შეტევას აგრძელებდა. გასულ პარასკევს ზოჰრაბ მნაცაკანიანი და ჯეუჰუნ ბაირამოვი ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომბეოს ამერიკაში შეხვდნენ, სადაც კონფლიქტის შესახებ ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ორი ზავი რუსეთის ფედერაციის აშკარა შუამავლობით დაიდო, ამ ჯერად კი შუამავალი ეუთოს მინსკის კიდევ ერთი თანა-თავჯდომარე – ამერიკის შეერთებული შტატებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი