ახალი ამბები

ირანში დააკავეს ქალი, რომელიც ველოსიპედით, ჰიჯაბის გარეშე გადაადგილდებოდა

24 ოქტომბერი, 2020 • 2042
ირანში დააკავეს ქალი, რომელიც ველოსიპედით, ჰიჯაბის გარეშე გადაადგილდებოდა

ირანის ქალაქ ნაჯაფაბადში დააკავეს ქალი, რომელიც ჰიჯაბის გარეშე, ველოსიპედით გადაადგილდებოდა. ინფორმაცია თავად ქალაქის თვითმმართველობამ გაავრცელა და მისი საქციელი რელიგიური ნორმების საწინააღმდეგოდ შეაფასა.

“რადიო თავისუფლების” სპარსული გამოცემის თანახმად, ქალაქის გუბერნატორი დაკავებული ქალის ქმედებას აღწერს, როგორც “ნორმების უპატივცემულობასა და ისლამური ჰიჯაბის შეურაცხყოფას”.

ვიდეოში, რომელიც აქტივისტების ინფორმაციით, 19 ოქტომბერს არის გადაღებული, ჩანს, როგორ მართავს ახალგაზრდა ქალი ველოსიპედს ჰიჯაბის გარეშე, სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა. კაცი, რომელიც კადრებს იღებს, ამბობს: “ირანში შაჰი და თავისუფლება დაბრუნდა?”


კადრებში მოქალაქეთა მხრიდან წინააღმდეგობა არ ჩანს, თუმცა გუბერნატორის თქმით, ქმედებამ ადგილობრივები იმდენად შეაშფოთა, რომ მომდევნო კვირას “სპონტანური აქციის” გამართვას გეგმავენ ქალის მიერ ველოსიპედის ტარების წინააღმდეგ. მას არ დაუკონკრეტებია, ვინ არის “სპონტანური” ღონისძიების ორგანიზატორი.

ფაქტს გამოეხმაურა ირანელი ჟურნალისტი და აქტივისტი და სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ ირანელ ქალთა საპროტესტო კამპანიის დამფუძნებელი მასიჰ ალინეჟადიც. მან სოციალურ ქსელში დაწერა:

“დღეს[20 ოქტომბერს] ეს ქალი დააპატიმრეს. რატომ? იმიტომ, რომ ის არის ქალი და ჩემს ლამაზ ქვეყანაში, ირანში, ველოსიპედის მართვა თუ თავდაუბურავად სიარული დანაშაულია “აიათოლების” თვალში”, – წერს ის.

ქალის მიერ ველოსიპედის ტარებას ირანის საერო და სასულიერო ხელისუფლებაში წინააღმდეგობა ახლავს. ირანის სულიერმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ 2016 წელს ფათვაც გამოსცა და აკრძალა აღნიშნული პრაქტიკა, რასაც ქალთა მხრიდან სოციალურ მედიაში პროტესტი მოჰყვა.

რაც შეეხება ჰიჯაბს, მისი ტარება ირანის ისლამური რესპუბლიკის დამყარების შემდეგ სავალდებულო გახდა. ფართო საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში, არაერთი ქალი იხდის ჰიჯაბს საჯარო სივრცეში, შემდეგ კი კადრებს სოციალურ ქსელებში ავრცელებს. აღნიშნულის გამო არაერთი მათგანი დააპატიმრეს.

“ჩავიცვამ იმას, რაც მსურს!” – ირანელი ქალების კამპანია სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი