ახალი ამბები

“მივიღეთ დაპირება, რომ რესტორნების 22:00-ზე დახურვის საკითხი გადაიხედება” – ბიზნესმენი

24 ოქტომბერი, 2020 •
“მივიღეთ დაპირება, რომ რესტორნების 22:00-ზე დახურვის საკითხი გადაიხედება” – ბიზნესმენი

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. რესტორნების ასოციაციის პრეზიდენტის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ბიზნესმენებმა გახარიასგან პირობა მიიღეს, რომ გადაიხედება რეგულაცია რესტორნების სამუშაო საათების შესახებ.

“დაპირება მიღებულია შეთავაზებიდან გამომდინარე. ბოლო რეგულაციის საკითხი, რომელიც 22:00-ზე[რესტორნების მუშაობის შეჩერებას] ეხება, გადაიხედება”, – უთხრა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 24 ოქტომბერს, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

“ჩვენ ვსაუბრობთ დივერსიფიკაციაზე იმ რესტორნებისა, რომელთაც შეუძლიათ, არ შექმნან პრობლემა [22:00 საათის შემდეგ] ოპერირების შემთხვევაშიც”, – ამატებს ის.

მისივე თქმით, აუცილებელია, სახელმწიფომ ბიზნესს შუამდგომლობა გაუწიოს ბანკებთან, მათი რთული ფინანსური მდგომარეობიდან და “საგადასახადო წნეხიდან” გამომდინარე.

“[პრემიერის მხრიდან] შეთავაზება ჯერ არ არის ბანკებზე, თუმცა ჩვენი მხრიდან არის განსაკუთრებული მოთხოვნა, რომ ეს საკითხი მკაფიოდ იქნას განხილული. ამ საკითხზე თუ არ ვიმსჯელეთ, ბანკმა თავისი პირობა თუ არ წამოაყენა, პრემიერის მხრიდან შეპირება ვერ იქნებოდა ადეკვატური”, – განუცხადა შოთა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.

ეპიდსიტუაციის გაუარსების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისსა და მცხეთაში მოქმედი რესტორნები 22:00 საათის შემდეგ უნდა დაიკეტოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი