ახალი ამბები

ორივე შუქნიშნით გადავედით წითელ ზონაში – გამყრელიძე

23 ოქტომბერი, 2020 • 1537
ორივე შუქნიშნით გადავედით წითელ ზონაში – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ „კორონავირუსის შუქნიშნით“ საქართველო წითელ ზონაშია გადასული — როგორც NCDC-ის, ისე ევროპის ECDC-ის მეთოდოლოგიით. შესაბამისი რიცხვები ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე არის 26 და 300 შემთხვევა.

საუბარია ინციდენტობაზე — ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარამეტრზე, რითაც ქვეყნებში ეპიდემიის გავრცელებას ზომავენ. ინციდენტობა არის ავადმყოფობის ახალი შემთხვევების რიცხვი დროის გარკვეულ მონაკვეთში.

როგორც 23 ოქტომბერს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოს, სადაც 26 თებერვალს დადასტურდა კოვიდით ინფიცირების პირველი შემთხვევა, ამ დღიდან მოყოლებული დღემდე, “საერთო მაჩვენებელი მილიონ მოსახლეზე, ჯერჯერობით იმის გამო, რომ სულ 1500 გვყავდა სექტემბრის პირველ რიცხვებამდე, კარგი გვაქვს და ჯერჯერობით საუკეთესო“.

თუმცა კოვიდპანდემიის პირობებში საორიენტაციოდ იღებენ არა სრულ პერიოდს, არამედ Covid-19-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას ყოველ 100 000 მოსახლეზე ბოლო ორკვირიან მონაკვეთში. მაგრამ ამ დეფინიციითაც, როგორც „ნეტგაზეთმა გაარკვია“, საქართველოს NCDC ორ „შუქნიშანს“ ხმარობს:

  • პირველით ითვლიან ყოველდღიურ ინციდენტობას და შემდეგ ამ ყოველი დღის ინციდენტობას ანგარიშობენ 14-დღიან შუალედში;
  • ითვლიან ორ კვირაში შემთხვევათა რაოდენობას და აქედან გამოჰყავთ ინციდენტობა. სწორედ ამ ხერხით ითვლის ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ მაჩვენებელს.

[აღსანიშნავია, რომ ეს ორი სხვადასხვა გზა რადიკალურ სხვაობას იძლევა საბოლოო რიცხვებში. ECDC-ის მეთოდით გამოანგარიშებული რიცხვი გაცილებით მაღალია, ვიდრე NCDC-ის მიერ გამოთვლილი. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში თავდაპირველად სწორედ ECDC-ის მეთოდით ითვლიდნენ და შემდეგ, სექტემბერში, დაამატეს მეორე მეთოდით ანგარიში].

როგორც გამყრელიძემ დღეს განაცხადა, ადგილობრივი „შუქნიშნით“ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე არის 26. „შიდა, ჩვენი „შუქნიშნის“ მიხედვით, გადავედით ნარინჯისფრიდან წითელ ზონაში. ამას გიდასტურებთ“, – განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს. შიდა „შუქნიშნით“ წითელი ზონა 20-ზე მაღალ მაჩვენებელს გულისხმობს.

„მეორე მაჩვენებლით, — კუმულატიური მაჩვენებლის, რაც გვაქვს, რასაც ევროპის დაავადების კონტროლის ცენტრი (ECDC) ითვლის, — იქაც ავცილდით 300-ს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ECDC-ის „შუქნიშნით“, წითელი ზონა 150 შემთხვევაზე მეტია ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე.

ინციდენტობასთან ერთად „შუქნიშნის“ პარამეტრია ტესტირებების რაოდენობა და მასში დადებითი შემთხვევების პროცენტული წილი მილიონ ან 100 000 მოსახლეზე. ამასთან დაკავშირებით გამყრელიძემ განაცხადა, რომ „კარგი მაჩვენებელი გვაქვს“:

„მილიონ მოსახლეზე გვაქვს, ჯამში, 213 ან 214 ათასი ტესტი, ხოლო ყოველდღიური – 9-10 ათასის ფარგლებში, რაც ამ პერიოდისთვის, ეპიდემიის ამ მასშტაბებისთვის, კარგია“, – განაცხადა მან. გამყრელიძეს არ დაუზუსტებია ამ ტესტებში დადებითობის მაჩვენებელი.

„ხაზს ვუსვამ, ნუ მივეცემით ნურც პანიკას და ნურც დამშვიდებას – შემთხვევების ზრდა კიდევ გვექნება. დღის განმავლობაში გარკვეულ ფარგლებში… პიკში შევალთ ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში“, – აცხადებს სპეციალისტი.

გამყრელიძის თანახმად, „ძირითადი აქცენტი მართვისა გადადის პირველად ჯანდაცვაზე, ამიტომ თითოეულმა ვიცოდეთ ოჯახის ექიმი და გვქონდეს მასთან კონტაქტი. და ვატაროთ პირბადე“.


NCDC-ის შუქნიშანზე „მწვანე ზონად“ ითვლება მაჩვენებელი 0-დან 5-მდე, „ყვითლად“ — 5-დან 15-მდე, „წითლად“ კი- 20-ს ზემოთ.

ECDC-ის შუქნიშანზე კი „მწვანე ზონად“ ითვლება მაჩვენებელი 0-დან 25-მდე [ტესტების 4%-ზე ნაკლები უნდა იყოს დადებითი], „ყვითლად“ — ან 25-დან 150-მდე, ოღონდ ტესტების 4%-ზე ნაკლები უნდა იყოს დადებითი, ან ტესტების 4%-ზე მეტი დადებითია და ინციდენტობა 50-ზე ნაკლები;  „წითელ ზონაში“ კი ინციდენტობის მაჩვენებელი 150-ია, ან 4%-ზე მეტი ტესტი დადებითია და ინციდენტობა 50-ზე მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი