ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“დაბრუნებულ მიწებზე სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ფიქრი დავიწყეთ”- ალიევი

23 ოქტომბერი, 2020 • 1011
“დაბრუნებულ მიწებზე სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ფიქრი დავიწყეთ”- ალიევი

“ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად უკვე დავიწყეთ ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ფიქრი. ეს ძალიან ნაყოფიერი მიწებია, როგორც პროდუქციის მოსაყვანად, ასევე მესაქონლეობის განვითარებისთვის. ეს ახალ იმპულსს შესძენს აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის განვითარებას”, – ამბობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იაპონურ მედიაგამოცემასთან [Nikkei] ინტერვიუში.

აქვე ალიევი მთიან ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს აზერბაიჯანის მოქალაქეებად აცხადებს.

“ჩვენი მოქალაქეები არიან, მათი უსაფრთხოება და უფლებები სრულად და ისევე იქნება უზრუნველყოფილი, როგორც აზერბაიჯანის დანარჩენი მოქალაქეებისა. სომხეთისგან განსხვავებით, სადაც დღევანდელი მდგომარეობით, აზერბაიჯანელები არ ცხოვრობენ, ჩვენს ქვეყანაში სომხური წარმოშობის ათასობით ადამიანი ცხოვრობს”.


აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმია კონფლიქტის ზონაში საზღვარს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან სრულად აკონტროლებს. 22 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ახალი დასახლებების აღების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია. მისი ცნობით, აზერბაიჯანულმა არმიამ დაიკავა შემდეგი დასახლებები:

ფუზულის რაიონის სოფლები: მოლაველი, იუხარი რეფიდინლი და აშაღი რეფიდინლი

ჯაბრაილის რაიონის სოფლები: სირიკი, შიხლარი, მესთელიბელი და დერზილი

ზენგილანის რაიონის სოფლები: კოლუგიშლაღი, მალათკეშინი, სოფელი ზენგილანი, გენლიქი, ველიგულუბელი, ღარადერე, ჩოპედერე, თათარი, თირი, ემირხანლი, გარღული, ბართაზი, დელეკლი და აღბენდი.

სომხური მხარე არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საბრძოლო მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანმა გარკვეული ტერიტორიები დაიკავა.

მხარეებმა ომის განახლების შემდეგ რუსეთის შუამავლობით ორი ჰუმანიტარული ზავი დადეს, თუმცა ზავის გაფორმებიდან მალევე, ორივე მხარემ განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე ცეცხლის შეწყვეტის პირობებს არღვევდა. რამდენიმე დღის წინ მხარეებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში ჩართულიყვნენ, თუმცა გუშინ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეუძლებელია კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარება და მოსახლეობას მოხალისეობრივი ფორმირებების შექმნისკენ მოუწოდა. ხვალ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ში ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ცალ-ცალკე შეხვდებიან და კონფლიქტის შესახებ ისაუბრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი